პოლიტიკა
„საელჩოს საბადოთა სიღრმეში“, ანუ ლიბერალიზმის ეპოქის დასასრული საქართველოში - არნო ხიდირბეგიშვილი

 არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია აშშ-ის ყველგანმყოფი საელჩოს გაბრაზება, რომლისთვისაც საქართველო იწყება „რუსთავი 2“-დან. იმდენად ეშინიათ, რომ ვერც კი გაბედეს უზენაესი სასამართლოს დადგენილების შესრულება - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა კანონიერი მფლობელისთვის.

ამ დროს კი თბილისში, „საელჩოს საბადოთა სიღრმეებში“ უცნაური ამბები ხდება - იქ მეჯლისს ხელმძღვანელობს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი - ლიბერალი ჰილარი კლინტონის გუნდიდან, რომელიც იმით სარგებლობს, რომ ვაშინგტონის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ იმდენად დაკარგა ყოველგვარი ინტერესი საქართველოსადმი, რომ უკვე მეორე წელია აქ ელჩს არ აგზავნის.

კეთილი ქალბატონი რუდის ბოლო, „ორმაგი სტანდარტის“ მკაფიოდ დამადასტურებელი მაგალითი: მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ელჩები საჯაროდ და ერთმნიშვნელოვნად უჭერდნენ მხარს სააკაშვილის რეჟიმს, როცა ის მხეცურად არბევდა მშვიდობიან საპროტესტო აქციებს რუსთაველზე 2007 და 2011 წლებში, ელიზაბეტ რუდი 20 ივნისიდან 21 ივნისის ღამეს მომხდარი მოვლენების შემდეგ იმავე რუსთაველის პროსპექტზე კი არ გმობს ექსტრემისტ-დამნაშავეებს, რომლებმაც ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რუსეთის ოფიციალურ დელეგაციას, შემდეგ კი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ პარლამენტის შენობის აღებით, სულაც არა, იგი მოუწოდებს „გამჭვირვალე და დაბალანსებული“ გამოძიების (?!) ჩატარებისკენ, რათა მკაცრად დაისაჯონ „არაპროპორციული“ ძალის გამოყენებაში დამნაშავე პოლიციელები და მკაცრად არ დაისაჯონ რადიკალი-პუტჩისტები! მეტიც - რუდმა „არაპროპორციულ“ ქმედებებში დაადანაშაულა რუსეთი, რომელმაც ავიამიმოსვლების აკრძალვით უპასუხა, თუმცა ბევრად უფრო უმნიშვნელო საბაბით აშშ ავიამზიდებს გააგზავნიდა ანდა ბომბებს დაუშენდა, როგორც ეს არერთხელ უქნია. აი ასე შეუმჩნევლად დაეშვა ამერიკული დიპმისიის ხელმძღვანელი ნეოფაშისტებისა და რუსოფობების დამცველამდე.

უფრო მეტიც - სრულებით გამორიცხულია, რომ სააკაშვილის ორი პარტიის გეგმები საქართველოში მეორე „ვარდების რევოლუციის“ განხორციელების შესახებ წინასწარ არ სცოდნოდათ და ვიზირება არ გაეკეთებინათ „საელჩოს საბადოთა სიღრმეში“. თუმცა, აფრინეს კი იქიდან „ელვა-დეპეშა“ მიშიკოს გეგმების შესახებ „მსოფლიო დემოკრატიის დედაქალაქში“? და მოვიდა თუ არა უკან, ვაშინგტონიდან დასტური მორიგ „ფერად“ სახელმწიფო გადატრიალებაზე საქართველოში?! საეჭვოა.

რატომ? ამის შესახებ უფრო დაწვრილებით - მომდევნო ჯერზე.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2019 წლის 15 ივლისი
საქართველო, თბილისი