უცხოეთი
ვლადიმერ ზელენსკიმ ლუსტრაციის შესახებ კანონი მოამზადა

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესი რადას საიტზე ხელისუფლების წმენდის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის ტექსტი გამოქვეყნდა, რომელიც პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენელთა მასობრივ ლუსტრაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ამ კანონპროექტის განხილვას რადას არსებული შემადგენლობა ვეღარ მოასწრებს და პრეზიდენტს მისი შეტანა ხელმეორედ მოუწევს მაშინ, როდესაც უკრაინაში ახალ პარლამენტს აირჩევენ.

კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტი ზელენსკი ყველა თანამდებობის პირს - პრეზიდენტ პოროშენკოდან დაწყებული სოფლის თავმჯდომარეებით დამთავრებული, ლუსტრირებას სთავაზობს, ვინც 2014-დან 2019 წლამდე მუშაობდა თანამდებობაზე და საკუთარი ნებით არ დაუტოვებია სამსახური.

კანონპროექტით, ლუსტრაცია არ შეეხება პირებს, რომლებიც აღიარებული არიან დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების დროს სამხედრო მოქმედებების მონაწილეებად.

მსგავსი სახის კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია არა მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის აღსადგენად, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხითაც.

interpressnews.ge