საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ყაზახური ხორბლის საქართველოში მოწოდების გაზრდის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად მსხვილი ყაზახური კორპორაციების წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.
საქართველომ ხორბლის იმპორტის გაზრდასთან დაკავშირებით ყაზახეთთან მოლაპარაკებების პროცესი მას შემდეგ დააჩქარა, რაც რუსეთიდან შესაძლო შეზღუდვების შესახებ გავრცელდა ხმები.
„ყახაზეთიდან ხორბლის იმპორტის ზრდა საქართველოს ბაზარზე მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ხორბლის მარაგები", – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და საქართველოში ხორბალი კონკურენტულ ფასად უკვე წელს შემოვა. თურნავას განცხადებით, ყაზახეთიდან სამუშაო ჯგუფების ვიზიტი ყაზახეთის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი დავალების ფარგლებში ხორციელდება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ყაზახი იმპორტიორების შეხვედრა როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ნურ-სულთანში ვიზიტის დროს (2019 წლის მაისში) მხარეები სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ვიზიტის მნიშვნელოვანი შედეგი იყო ყაზახური ხორბლის მოწოდების გაზრდის საბოლოო გადაწყვეტილება. ყაზახეთმა დაადასტურა, რომ ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას აპირებს.
უფრო ადრე „Sputnik-საქართველოს" „ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუცხადა, რომ წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან ადგილობრივი წარმოების წილი მხოლოდ 10%-ია. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან. პროდუქციის იმპორტის 90% რუსეთზე მოდის.
ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით რუსეთიდან ჩამოტანილი ერთი ტონა ხორბალი დაახლოებით 244 დოლარი ჯდება, რაც დღეისათვის საქართველოსთვის ყველაზე მისაღები ფასია.
ბოლო წლებში ერთი ტონა ხორბლის იმპორტი ყაზახეთიდან რუსეთთან შედარებით უფრო ძვირი ჯდება – 260 დოლარი. ეს დიდ სატრანსპორტო ხარჯებს უკავშირდება.
„ყაზახეთიდან არის ორი ხაზი – კასპიის ზღვით და რკინიგზით. ერთი ტონის ტრანსპორტირება 80-85 დოლარი ჯდება. თუ დააკლდება 20-25 დოლარი, ფასი რუსულთან შედარებით კონკურენტული გახდება", – განაცხადა სილაგავამ.
რუსეთთან ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც საქართველოში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას აჟიოტაჟი მოჰყვა. მას შემდეგ, 20 ივნისიდან თბილისში ყოველდღე იმართება საპროტესტო აქციები. ანტირუსული ლოზუნგების პასუხად რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლა აკრძალა, ხოლო "როსპოტრებნადზორმა" საქართველოდან ქვეყანაში შესული ალკოჰოლური სასმელების კონტროლი გააძლიერა.