სამართალი
ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი მეწილე თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გადადგომას ითხოვს, ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

ნინო ნიჟარაძე, რომელიც ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელია, არხის გენერალური დირეტორის ნიკა გვარამიას პოსტიდან გადაყენების საკითხი პარტნიორთა კრებაზე დააყენა, რომელიც 17:00 საათზე იყო ჩანიშნული. ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ არხის დირექტორმა და დომინანტმა პარტნიორებმა კომპანიას ზიანი მიაყენეს სარედაქციო პოლიტიკის გამო და აღნიშნული ზიანი „რუსთავი2“-ს უნდა აუნაზღაურონ.

ნიკა გვარამიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მოგვიანებით დაწერა, რომ არ იქნება წინააღმდეგი, თუ რუსეთის პრეზიდენტის გინებისთვის გადააყენებენ და შვილიშვილებსაც კი მოუყვება ამას.

უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკოსების, პოლიტოლოგებისა და მედიაექსპერტების მოსაზრებები ორად გაიყო იმის თაობაზე, როგორი რეაქცია უნდა მოჰყვეს ოპოზიციური ტელეარხი „რუსთავი 2“-ის ეთერში სკანდალურ გამოსვლას.

„რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგს დაუყოვნებლივ მოჰყვა ქვეყნის პირველი პირების განცხადებები. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. ქარტიის განმარტებით, „რუსთავი 2“-ის არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს სხვა ქართულ მედიას და მათდამი ნდობას ამცირებს.