იაპონიის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად ატმოსფეროში მოხვედრილი რადიაციული ნივთიერების სამხრეთ კავკასიამდე გავრცელება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ეს განცხადა საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის (სბრუს) უფროსმა სპეციალისტმა ლევან გოგუამ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, იაპონიაში მოვლენათა ყველაზე უარესი გზით განვითარების შემთხვევაშიც კი, საქართველოს რადიაციული ნივთიერებების საფრთხე არ ემუქრება.„ცუნამის შედეგად ატომური ელექტროსადგურის გაცივების სისტემა მოიშალა და დაიწყო შიგთავსის ტემპერატურის მატება. ამას იაპონელებმა ზღვის წყლის ჭავლით უპასუხეს, რომელშიც ბორი გაურიეს. ბორი ანელებს ნეიტრონებს და ამან მცირე, მაგრამ არასრული შედეგი გამოიღო, რასაც მოჰყვა წყალბადის აფეთქება, ცეზიუმ 137 და იოდ 126-ის ამოფრქვევა ატმოსფეროში. რა კონცენტრაციით ამოიფრქვა ეს ნივთიერებები, ამის შესახებ ჯერ ცნობები არ გვაქვს. ამოფრქვეული რადიონუკლიდები ღრუბელს ქმნის და ქარის მიმართულებით გადაადგილდება. იმის შესაძლებლობა, რომ ამ ღრუბელმა საქართველომდე მოაღწიოს, თეორიულად კი არსებობს, თუმცა პრაქტიკულად გამორიცხულია“, – ამბობს გოგუა.
იაპონიაში 11 მარტის 9-ბალიანი მიწისძვრის შემდეგ ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუსიმა 1“-ის პირველ, მეორე და მესამე ენერგობლოკებზე აფეთქებები მოხდა. სადგურის გარშემო რადიაციული ფონი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც 20 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.