უცხოეთი
ზალკალიანი პუტინის განცხადებას მიესალმება

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება.

ამის შესახებ მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრი ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე ამბობს, რომ ეს იყო სწორი პოზიცია.

რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ სურს.

ამას ვლადიმერ პუტინი ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით და რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების მიზეზით ხსნის.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ანტირუსულ განწყობებს ავრცელებს ისეთი ხალხი, რომელმაც ისტორია არ იცის და ამით საკუთარ ქვეყანას ვნებს.

„გამოვიდა ერთი ადამიანი, რაღაც თქვა, საკუთარი თავი წარმოაჩინა. ადრე მას არავინ იცნობდა, ახლა კი ყველა მის საქციელზე ლაპარაკობს, ანუ მიზანი მიღწეულია. ჩამოაშორეს მუშაობას ორი თვით, დაისვენებს, დაბრუნდება და მუშაობას განაგრძობს, მაგრამ საქართველოში არსებობს ხალხი, ვინც ამას აპროტესტებს“, - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა „ძალიან დიდი პატივი იქნებოდა“.

8 ივლისს რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს.

რუსი დეპუტატების ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და საგარეო უწყება გამოეხმაურნენ.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა 20 ივნისის ინციდენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა.

imedinews.ge