პოლიტიკა
ვაშაძე: ლავროვმა მსო–თან დაკავშირებით შეთანხმება დაარღვია

grigol_vashadzeსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ თავისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი ქართულ და რუსულ დელეგაციებს შორის მიღწეული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

შეთანხმების თანახმად, მხარეებს არ უნდა ესაუბრათ მედიასთან რუსეთის მსო-ში გაწევრების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.

15 მარტს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან – ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისთან ჩატარებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვაშაძემ განაცხადა: "როგორც ცნობილია, 10 მარტს შედგა ამ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი და ორი შეთანხმება იყო მიღწეული: პირველი, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება აპრილში და, მეორე, რომ დელეგაციები და მხარეები პრესასთან კომენტარებს არ გააკეთებდნენ მისი მიმდინარეობის თაობაზე“.

"ძალიან დიდი სინანულით მინდა, ვთქვა, რომ რუსული დიპლომატიის მამამთავარმა, ბატონმა ლავროვმა რამდენიმე დღეში დაარღვია ეს შეთანხმება, რაც რუსეთის დიპლომატიის ტრადიცია ხდება. მან ერთი წინადადებით უგულებელყო შეთანხმება, გამოგვიგზავნა მუქარა და წამოაყენა წინაპირობები. ასე რომ, თქვენ თვითონ შეგიძლიათ იმსჯელოთ, რა შესანიშნავი მიდგომა აქვს რუსეთის დიპლომატიას მიღწეულ შეთანხმებებთან,“ – განაცხადა მან.

ვაშაძეს მხედველობაში ჰქონდა სერგეი ლავროვის 13 მარტის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ თბილისთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მოსკოვი საქართველოს გვერდი სავლით შეეცდება მსო-ში გაწევრებას.

ლავროვმა მაშინ განაცხადა, რომ საქართველოს მოთხოვნებს – რუსეთის მსო-ში გაწევრებაზე თანხმობის სანაცვლოდ, ფსოუსა და როკის გამშვებ პუნქტებზე ქართული საბაჟო სამსახურები განთავსდნენ, არაფერი აქვს საერთო მსო-თან დაკავშირებულ საკითხებთან.

"თუ ჩვენი ქართველი კოლეგები კვლავ მტკიცედ იდგებიან ამგვარ პოლიტიზებულ პოზიციაზე, ალბათ, სხვაგვარად მოგვიწევს მსო-ში გაწევრების საკითხის მოგვარება – მათი [საქართველოს] მონაწილეობის გარეშე. ასეთი შესაძლებლობა არსებობს,“ – განაცხადა მან რუსეთის მე-3 არხთან ინტერვიუში.