სამართალი
თბილისში არეულობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა ოთხ დაკავებულ პირს, რომლებსაც 20-21 ივნისს თბილისში არეულობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

20 ივნისის ანტირუსული აქცია გვიან საღამოს არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, პოლიციამ კი რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არეულობის დროს დაიჭრა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვლი „ჯგუფურ ძალადობაში“ მონაწილეობდნენ, კერძოდ კი სხვადასხვა ნივთების გამოყენებით თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და მათ წინააღმდეგობას უწევდნენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისის ცენტრში მომხდარი არეულობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. შსს სხვა ფიგურანტების გამოვლენაზე მუშაობს.

2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკანორ მელია.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მელიას შეუფარდა 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო და დაუწესა მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგი, რაც ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულებას გულისხმობს.

ამასთან, გამოძიების ფარგლებში შსს-მ გამოკითხვაზე გამოიძახა თბილისის ყოფილი მერი, პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენმდივანი გიგი უგულავა, ყოფილი ვიცე-პრემიერი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე და თავდაცვის ექს-მინისტრი, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

ხუთშაბათს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ არეულობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გამოავლინა. თავდაპირველად გამოძიება მიმდინარეობდა „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის“ ფაქტზე, ახლა კი დაემატა ახალი, სსკ-ის 315-ე მუხლი - „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი“.

20-21 ივნისს არეულობის დროს დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელიც შემდგომში ეტაპობრივად გაათავისუფლეს.