აქტუალური
საქართველოში იმედოვნებენ, რომ რუსეთი უარს არ იტყვის ქართულ პროდუქციაზე და ირწმუნებიან, რომ რუსი ტურისტების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის წევრებმა კახეთის რეგიონში გამართეს შეხვედრა ფერმერებთან, მევენახეებთან და მცირე სასტუმროების მეპატრონეებთან, რომლებმაც რუსეთთან ურთიერთობების გართულებით გამოწვეული შედეგების გამო შეშფოთება გამოთქვეს და დახმარება ითხოვეს, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური.

ურთიერთობები რუსეთთან გამწვავდა თბილისში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და შემდგომი საპროტესტო ტალღის შემდეგ. აქციებზე ანტირუსული ლოზუნგების და საქართველოს პირველ პირთა მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ, მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, ხოლო „როსპოტრებნადზორმა“ საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის კონტროლი გაამკაცრა.

წლევანდელ აქტიურ ტურისტულ სეზონში, სასტუმრო თითქმის სრულად დაჯავშნილი იყო და ჯავშნის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა. განვითარებული მოვლენების შემდეგ, თითქმის 90% ჯავშნების გაუქმდა, რამაც, რა თქმა უნდა, დიდი ზარალი მოგვაყენა“,- აღნიშნა ბაბანეურის „მარნის“ დამფუძნებელმა ანზორ ბერიძემ.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ საქმეში დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარი დააბანდა და თითქმის 30 ადამიანი დაასაქმა.

მევენახე მიხეილ მამასაშვილმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ ოპოზიციონერების მცირე ჯგუფის მოქმედების გამო დაუშვებელია ეკონომიკისა და ტურიზმის დანგრევა. მან ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააკისრა.

ჩვენ მხოლოდ სტაბილურობა გვინდა. ისეთი პროგრამები ამუშავდა კახეთში, თავისი აგრო - პროგრამებით, ვენახების გაშენებით, რომ ყველა მევენახე ფეხზე დადგა და გაიმართა. ერთ გოჯ მიწას ვერ ნახავთ დაუმუშავებელს“, - განაცხადა მამასაშვილმა.

მან განაცხადა, რომ დაახლოებით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა სასტუმროსა და ღვინის მარნის მშენებლობაში, მოაწყო „კახური კუთხე“. ეს ფული მისი ვენახებიდან მიღებული შემოსავალია.

მისი თქმით, 2018 წელს მხოლოდ ყურძნის რეალიზაციით კახეთმა 280 მილიონი ლარი გამოიმუშავა.

ახლა შევხედოთ ტურიზმს. მევენახეების უმრავლესობა ტურიზმზე გადავერთეთ... ავიღეთ სესხები, ავაშენეთ მარნები. ტურიზმის განვითარებით სახელმწიფო იღებს ალბათ ყველაზე დიდ შემოსავალს. აწყობილი ეკონომიკის დაშლა ჩვენთვის, კახელებისთვის და საქართველოსთვის არის კატასტროფა“, - განაცხადა მამასაშვილმა.

ამასთან მან მთავრობის წევრებს მიმართა კითხვით: „რა გაქვთ დაგეგმილი იმისათვის, რომ მშრომელი ხალხი არ ჩავარდეს იმ უკიდურეს გაჭირვებაში, რაც ჩვენ რამდენიმე წლის უკან გამოვიარეთ?“.

მინისტრების დაპირებები

ჩვენი დიდი იმედია, რომ არ გვექნება სავაჭრო ემბარგო რუსეთის ფედერაციასთან“, - განაცხადა შეხვედრაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთთან დღეისათვის არსებული სავაჭრო ურთიერთობები რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგია.

რუსეთთან არსებულ სავაჭრო ურთიერთობებში პროგრესი შენარჩუნებული უნდა იყოს. ჩვენმა ხელისუფლებამ წლებია დაამტკიცა, რომ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება შესაძლებელია. შევძლებთ, გავაგრძელოთ სავაჭრო ურთიერთობები მათ შორის, ღვინის სფეროში, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია აგროსასურსათო საექსპორტო პროდუქცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები იყოს პრაგმატულ კავშირზე დაფუძნებული, იყოს ემოციებისგან დაცლილი... იმედი გვაქვს, რომ რუსეთის მხრიდანაც მივიღებთ შესაბამის პასუხებს და მათი მხრიდანაც პროცესი ადეკვატურად იქნება აღქმული“, - განაცხადა დავითაშვილმა.

თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რუსი ტურისტების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამისათვის ვიზიტორებს სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს.

საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და აქ არავის არაფერი ემუქრება. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს“, - განაცხადა თურნავამ.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო საქართველომ 2019 წლის ბოლომდე 1 მილიონი რუსი ტურისტი და 2 მილიარდი ლარის შემოსავალი შეიძლება დაკარგოს.

„საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში ტურისტების რაოდენობით წამყვან ადგილს იკავებენ. 2019 წლის ექვს თვეში უცხოელებმა საქართველოში თითქმის 3,9 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, აქედან რუსებმა - თითქმის 700 ათასჯერ. ამასთან ერთად ბოლო წლებში რუსეთიდან ტურიზმის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია ნარჩუნდებოდა.