საზოგადოება
ძალოვანი მინისტრები – „სანატრელი მინისტრები“

ciskarishvili7პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისა და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ძალოვან მინისტრთა ოთხეული „მინისტრების კვირეულის“ ფარგლებში პარლამენტის წინაშე არ წარდგებიან.

წინასწარი ინფორმაციით, ძალოვანთა ფრთა პარლამენტში კვირეულის ბოლო დღეს, 25 მარტს, მივა და აღმასრულებელი ხელისუფლების ლოჟაში მოთავსდება. ხოლო თუ დეპუტატებს მათი მისამართით კითხვები ექნებათ, აღნიშნული მინისტრები პასუხებს ადგილიდან გასცემენ.

პარლამენტში მინისტრებს 22 მარტიდან 25 მარტამდე ელოდებიან. 22 მარტს, პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასა და ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის მოსმენაა დაგეგმილი. შემდეგ დღეებში კი დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძეს, ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს, სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილს მოუსმენენ.

„საგანგებო კვირეულს“ 25 მარტს პრემიერი გილაური დაასრულებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი პარლამენტში ძალოვანი მინისტრების მოსმენის აუცილებლობას ვერც ხედავს.

როგორც ცისკარიშვილმა გილაურთან გამართული კონსულტაციის დასრულების შემდეგ აღნიშნა, „გაუგებარია, რა საჭიროა ძალოვანი მინისტრების მოსმენა მაშინ, როდესაც ქვეყანაში კრიმინალური პრობლემები არ არის“.

მისივე თქმით, დღეს საზოგადოებას ეკონომიკური და სოციალური თემები, ასევე, დევნილებთან დაკავშირებული საკითხები აწუხებს, შესაბამისად, მოსმენებიც ამ მიმართულებით გაიმართება და პარლამენტს სწორედ ეკონომიკურ და სოციალურ ნაწილზე კონცენტრირება მიაჩნია ნაყოფიერად, ძალოვან სფეროზე გადასასვლელად კი დრო ფიზიკურადაც აღარ დარჩება.