სამართალი
„აღდგომა და ხვალეო“ – რევოლუციის მოსაწყობად მხოლოდ თარიღიღა დარჩა

krebatbilisiროგორც კალათბურთის სასახლეში „სახალხო კრების“ თბილისის შეკრებაზე აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენელმა ნონა გაფრინდაშვილმა განაცხდა, აღდგომის შემდეგ ისინი დაუმორჩილებლობის კონკრეტულ თარიღს გამოაცხადებენ.

მისი განმარტებით, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 24-საათიან რეჟიმში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდება მობილიზაცია და ისინი ბრძოლის საბოლოო ეტაპს დაიწყებენ.

გაფრინდაშვილის განცხადებას წინ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის სიტყვით გამოსვლა უძღოდა. მან აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანას, სამწუხაროდ, რევოლუცია სჭირდება და თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს სხვა გამოსავალს არ დაუტოვებენ, ისინი ამისთვის მზად არიან.

ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი. არასოდეს არ არის გვიან ხალხის სამსახურში ჩადგომა. ჯარს და პოლიციას მივმართავ, ემსახუროს ხალხს და არა ხელისუფლებას, – განაცხადა ბურჯანაძემ. იგი დარწმუნებულია, რომ ჯარი და პოლიცია ხალხის მხარეს დადგება და ბრძოლა ხალხის წარმატებით დასრულდება“.

ბურჯანაძისა და გაფრინდაშვილის რადიკალური განცხადებები, ალბათ, არავის გაჰკვირვებია, თუმცა საინტერესოა, ჭადრაკის დედოფალმა ნონა გაფრინდაშვილმა გათვალა თუ არა სარევოლუციო სვლები ისე, როგორსაც ის ჭადრაკის დაფაზე აკეთებდა დიდოსტატის რანგში. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ქალბატონ ნონას ჭადრაკის სათამაშოდ კიდევ ჰქონდეს დრო – ის ხომ „ქვეყნისთვის გადამწყვეტი ბრძოლისთვის“ ემზადება.

საინტერესოა, ასევე, ზოგადად, რა ფორმით აპირებენ დაუმორჩილებლობას კრების წარმომადგენლები – ფიწლებით, თუ მხოლოდ ლაპარაკით?

ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ „ეს უნდა იყოს მშვიდობიანი“, თუმცა სიტყვები – „მშვიდობიანი“ და „დაუმორჩილებლობა“ – უნისონში ნამდვილად არ ჟღერს.