საზოგადოება
დავით გარეჯთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, იგეგმება ადგილზე ექსპერტების გასვლა - ვლადიმერ კონსტანტინიდი

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. დავით გარეჯთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, იგეგმება ადგილზე ექსპერტების გასვლა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საჭირო იქნება ბევრი შეხვედრის გამართვა, რათა კონკრეტულ შედეგებზე შეთანხმდნენ.

გარკვეული პაუზის შემდეგ ერთობლივი კომისიის მუშაობა განახლდა. პირველი რაუნდი აზერბაიჯანში კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა. დღეისთვის აზერბაიჯანულ მხარესთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს შემდეგი რაუნდის შესათანხმებლად. იგეგმება ადგილზე ექსპერტების გასვლა და აზომვითი-ტექნიკური სამუშაოები. ყველა საკითხი, ტექნიკური იქნება თუ საორგანიზაციო, ამ ერთობლივი კომისიის მუშაობის ფარგლებში გადაწყდება. ექსპერტების ჩასვლის პირველადი დრო ივნისის ბოლო იყო, მაგრამ დღეს კომუნიკაცია მიმდინარეობს, რომ ორივე მხარე შეთანხმდეს მომდევნო რაუნდის ნაბიჯებსა და თარიღებზე. ერთი შეხვედრა ან კონკრეტული სამუშაოს ერთი რომელიმე ნაწილი არ არის გათვლილი, რომ საბოლოო შედეგები მივიღოთ. ბევრი შეხვედრა იქნება გასამართი, რათა კონკრეტულ შედეგებზე გავიდეთ.

დავით გარეჯში უკვე არსებული ბილიკების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და სიმართლეს არ შეესაბამება, რომ იქ გზის ან ბილიკების გაყვანა დაიწყეს. დიდი თხოვნა იქნება მედიასთან და სოციალურ ქსელში აქტიურ ჩვენს მოქალაქეებთან, რომ გადაუმოწმებელ და დაუდასტურებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებენ, რადგან ამან შეიძლება პროცესზე უარყოფითად იმოქმედოს“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.