პოლიტიკა
პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით რეალურად უზრუნველყოფს, რომ ყველა პარტია არჩევნებში ერთიან სასტარტო პირობებში ჩაერთოს - არჩილ თალაკვაძე

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით რეალურად უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა პოლიტიკური პარტია არჩევნებში ერთიან სასტარტო პირობებში ჩაერთოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ნულოვანი ბარიერით პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, არ მოუწიოთ ხელოვნურად გაერთიანება, თავისი პლატფორმის, საკუთარი იმიჯის დათმობა და ვიღაცის ზურგს უკან ამოფარება, რასაც აქამდე ჰქონდა ადგილი.

პოლიტიკური პარტია და მისი დაჯგუფება, ვინც ეწინააღმდეგება, მხარს არ უჭერს პროპორციულ სისტემას ნულოვანი ბარიერით, ზუსტად არის იმის ილუსტრაცია, რომ მათი მიზანი იყო ოპოზიციის ერთგვარი მონოპოლიზება და ექსკლუზივის ქონა ოპოზიციაზე. ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ასე იქცეოდნენ, დღესაც კიდევ ერთხელ დაინახა საზოგადოებამ, რომ მათ სინამდვილეში არა პროპორციული არჩევნები და დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა აინტერესებთ, არამედ აინტერესებთ ის, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც აინტერესებდათ - ქონდეთ მონოპოლია და ექსკლუზივი. რეალურად პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც აქვს რესურსი და შესაძლებლობა დაარწმუნოს საზოგადოების ნაწილი მაინც მისი პროგრამის უპირატესობაში, რეალური შანსი ეძლევა, რომ შევიდეს პარლამენტში. ამაზე ყველ შეთანხმებულია ერთი პარტიის გარდა. ვფიქრობ, ამ ერთ პარტიას კიდევ ექნება შანსი, მხარი დაუჭიროს იმას, რასაც ადრე ითხოვდნენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.