უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანა ტერორისტების ლაბორატორიაა

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანა ტერორისტების ლაბორატორიაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუს“-თან ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, სამხედრო მაღალჩინოსნებმა საკითხის განხილვისას უთხრეს, რომ ტერორისტებთან ბრძოლა უმჯობესია ავღანეთში, ვიდრე საკუთარ სახლში.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემთხვევაში, ვაშინგტონი ადგილზე „ძალიან ძლიერ დაზვერვას“ დატოვებს.

პირველ ივლისს, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზალმაი ხალილზადმა, ყატარში, 18-წლიანი ომის დასრულების მიზნით, თალიბანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მეშვიდე რაუნდი გამართა. მოლაპარაკებებზე თალიბანი ავღანეთიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანას ითხოვს, აშშ-ი კი გარანტიებს ითხოვს, რომ ჯარების გასვლის შემდეგ ავღანეთის ტერიტორია სხვა ქვეყნებზე თავდასხმების მოსაწყობად გამოყენებული არ იყოს. აშშ-ს ავღანეთში ამჟამად ცხრა ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.

1tv.ge