საზოგადოება
ერევნიდან თბილისში მომავალ რკინიგზაზე მოძრაობა დაბლოკილია

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. ალავერდის სპილენძის გადამდნობი ქარხნის თანამშრომლებმა ორშაბათს სომხეთიდან საქართველოში მომავალი რკინიგზა გადაკეტეს, იუწყება Sputnik სომხეთი.

აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ალავერდში გაჩერებული ქარხნის თანამშრომლებს ხელფასს ივნისის ბოლომდე გადაუხდიდნენ - ეს გადაწყვეტილება ქარხნის მფლობელმა კომპანიათა ჯგუფმა „ვალექსმა“ მიიღო.

ქარხნის ყოფილმა თანამშრომლებმა უკანონო დათხოვნის გამო დილის 10 საათიდან გადაკეტეს საწარმოს ყველა შესასვლელი, აგრეთვე სახელმწიფოთაშორისი რკინიგზა“, - დაწერა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ არმენ კირაკოსიანმა თავის Facebook გვერდზე და საპროტესტო აქციიდან ვიდეოც განათავსა.

ქარხანამ მუშაობა 2018 წლის ოქტომბერში შეწყვიტა მთავრობასთან და ბანკებთან გადაუჭრელი საკითხების გამო. ქარხანაში 600-მდე ადამიანი მუშაობს, ის ამზადებს სპილენძის ნახევარფაბრიკატს, რომელიც საზღვარგარეთ იგზავნება საბოლოოდ გასაწმენდად. შავი სპილენძი სომხეთის ყველაზე შემოსავლიანი საექსპორტო საქონლის ათეულში შედის.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში ქარხნის თანამშრომლებმა რკინიგზა ერთხელ უკვე გადაკეტეს.