სამართალი
20 ივნისის ღამეს ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა უფლებამოსილებების გადამეტებას და რა გახდა ამის მიზეზი, ეს არის გამოძიების პრეროგატივა - ლევან იზორია

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის ღამეს ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილებების გადამეტებას ჰქონდა ადგილი და ის, თუ რა გახდა ამის მიზეზი და რა გარემოებებში მოხდა უფლებამოსილებების გადამეტება, არის გამოძიების პრეროგატივა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

შეკითხვაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა აქციაზე გამოყენებული ის ტყვიები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ შსს მოქმედებდა კანონის ფარგლებში, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთგზის მოვისმინეთ კომენტარები, რომ ერთი მხრივ, პოლიცია, შსს და მისი ხელმძღვანელი მოქმედებდა იმ ვალდებულების თანახმად, რა ვალდებულებაც კონსტიტუციითა და კანონით არის განსაზღვრული, რა უკავშირდება განსაკუთრებით მართლწესრიგის დაცვას. ამასთან ერთად, ამ ვალდებულების შესრულებასთან ერთად ჩვენ კომენტარებში ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ჰქონდა ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილებების გადამეტებას ადგილი. რა გახდა ამის მიზეზი და რა გარემოებებში მოხდა უფლებამოსილებების გადამეტება, ეს არის სწორედ გამოძიების პრეროგატივა, რომელმაც ახლო მომავალში უნდა დაადგინოს კონკრეტული გარემოებები“, -განაცხადა ლევან იზორიამ.