საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. შეკრების უფლება, თავისუფლების ქონა შეკრებისა და დემონსტრაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლებაა. ამის, როგორც საყოველთაო უფლების გარანტირება, აუცილებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლება ბოროტად არ იყოს გამოყენებული, მაგალითად, დემონსტრაციების ძალადობაში გადაყვანის გზით. ძალადობრივი დემონსტრაცია ჰგავს ღვინოს, რომელიც ძმრად იქცევა. იმავე წამს ასეთი დემონსტრაცია საკუთარ მიზანს ცდება და აზიანებს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ეფექტიანი და შესაფერისი იყო ხელისუფლების პასუხი მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეაზე განვითარებულ მოვლენებზე, იგულისხმება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, ასევე ერთ-ერთი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მანდატის დატოვება, გერმანელი დიპლომატი პასუხობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მზაობის გამოხატვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მზაობის გამოხატვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს არის ის, რასაც ოპოზიციური პარტიები ითხოვდნენ, მათ მოაგროვეს ხელმოწერები, არასამთავრობო ორგანიზაციებიც იმავეს ითხოვდნენ, დემონსტრანტებიც ამას ითხოვდნენ. ვფიქრობ, ამ განცხადების გაკეთება იყო ძალიან კარგი ნაბიჯი. რაც ამას უნდა მოჰყვეს, არის ამის საფუძველზე დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის, დიალოგი იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოს გაძლიერება, ამ მიზნის გარშემო გაერთიანება“, – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.
შეკითხვაზე, ხედავს თუ არა დიალოგის პერსპექტივას დღევანდელ პოლიტიკურ ძალებს შორის, გერმანელი დიპლომატი პასუხობს, რომ ეს შესაძლებელია.
„ვფიქრობ, ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს შორის ეს შესაძლებელია. როგორც ევროპელ ელჩებს, გასულ დღეებში გვქონდა შეხვედრები, რათა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგისთვის შეგვეწყო ხელი. ზოგიერთ შემთხვევაში წარმატება გვქონდა, ზოგიერთ შემთხვევაში ნაკლებად წარმატებულები ვიყავით, მაგრამ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს პოლიტიკური კონკურენცია და ასევე ერთობა ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებით“, – განაცხადა ქნირშმა.
წამყვანმა ელჩს შეახსენა, რომ ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ პროპორციული სისტემა არც ისე კარგია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
„ბოლო დრომდე მესმოდა, რომ ყველას უნდოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და „ქართული ოცნება“ იყო ის, ვინც არ თმობდა და არ სურდა ამის გაკეთება. ახლა საპირისპირო კრიტიკა ისმის. რა თქმა უნდა, საკამათო საკითხია, უნდა იყოს თუ არა 3%-იანი ან 5%-იანი ბარიერი. 5%-იანი ბარიერი არის ის, რაც გათვალისწინებულია კონსტიტუციით. ეს პოლიტიკურ პარტიებს შორის დებატებით უნდა გადაწყდეს, ამიტომაც არსებობს დიალოგი… პროპორციული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს უფრო თანაბარ პირობებს პოლიტიკურ ძალებს შორის. ახლანდელი საარჩევნო სისტემით, რომელიც სხვათა შორის ძალიან ჰგავს საარჩევნო სისტემას რუსეთში, ყველაზე ძლიერი პარტია იღებს ძალიან ძლიერ უმრავლესობას პარლამენტში. ეს არ არის ის, რისთვისაც პარლამენტი არსებობს. ვითარება დაბალანსებული უნდა იყოს და გახსნილი, ცოცხალი დებატები უნდა არსებობდეს, რასაც ხელს უშლის ერთი პარტიის ხელში არსებული სამი მეოთხედი უმრავლესობა“, – განაცხადა დიპლომატმა.