უცხოეთი
პეტრო პოროშენკომ უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდა

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს-ამ სიტყვებით იწყება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიდეომიმართვა, რომელიც მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

ამჟამად „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ მისი პარტია ქართველ ერს სოლიდარობას უცხადებს, რომელიც მისი თქმით, ეწინააღმდეგება რუსულ იმპერიალიზმსა და ოკუპაციას.

პოროშენკოს თქმით, მოსკოვს სურს ავიამიმოსვლის ბლოკირებით საქართველოს ეკონომიკა კვლავ შეასუსტოს და ამის გამო უკრაინელებს, რომლებსაც საზღვარგარეთ დასვენება სურთ, საქართველოში გამგზავრებისკენ, ხოლო მთავრობას ფრენების გაიაფებისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, ექს პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის სახელის გადარქმევის შესახებ და მას „გრუზიას“ ნაცვლად საქართველო ეწოდოს.

20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია და ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ამას მოჰყვა საპროტესტო აქცია. 20 ივნისს პარლამენტის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, ბოლოს კი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა.

მომხდარის გამო თანამდებობა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ დატოვა. სადეპუტატო მანდატი დატოვა ასამბლეის ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 300-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან 80 პოლიციელი იყო. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე მკურნალობს.

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

imedinews.ge