საზოგადოება
რისთვის უხმობს ჩვენი ხელისუფლება უცხოეთში გადახვეწილ ქართველებს

qucnashviliაშშ-ში ვიზიტით მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამ დღეებში ნიუ იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ამ მოვლენამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ჩვენს სამართალმცოდნეებს, სოციოლოგებს, ეკონომისტებსა და სხვა სპეციალისტებს შორის საზოგადოებრივი სექტორიდან. მათი პოზიციით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპირებები მორიგი ფარსია, რადგან სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების დასაქმებაზე საუბარი ზედმეტია, როცა აქ მყოფი ხალხიც სამუშაოს საძებნელად საზღვარგარეთ გარბის.

სოციოლოგთა განმარტებით, სააკაშვილის მსგავსი დაპირებები და მოწოდებები ერთ მიზანს ემსახურება – საზოგადოებაში შექმნას აზრი, თითქოს საქართველოში ყველაფერი კარგად არის, ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება და სოციალური უსამართლობა დაძლეულია.

და ეს მაშინ, როცა საქართველოს არაერთი მოქალაქე უკვე გახდა პრეზიდენტისა და ხელისუფლების პიარკამპანიის მსხვერპლი, ემიგრანტებიც სწორედ ამ ტყუილს ეწირებიან.

სამართალმცოდნე ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა თავისი აზრი. მან აღნიშნა: „პიარკამპანიას შეეწირა თავის დროზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სოფლის მეურნეობა; თვითმმართველობის 2006 წლის არჩევნების წინ, როცა ძლიერი ხელისუფლების იმიჯის შესაქმნელად რუსი ჯაშუშების დაკავებაზე მომზადებული ფილმები გაუშვეს, რამაც გამოიწვია ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის ჩაკეტვა, სოფლის მეურნეობის კვდომა და ათასი სხვა პრობლემა. ასე მოხდა 2008 წელსაც – სააკაშვილის იმიჯი სერიოზულად იყო შერყეული და პრეზიდენტადაც კი აღარ აღიქვამდნენ. შელახული სახელის აღსადგენად ცხინვალის აღება მოისურვა და ამას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა შესწირა. ახლა კი ამ პიარკამპანიას ეწირებიან ემიგრანტებიც. უკვე წლებია, მიხეილ სააკაშვილი ასე დადის და საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს აყვავებულ საქართველოს უხატავს და დაბრუნებისკენ მოუწოდებს“.

„სამშობლოში დაბრუნებულ ქართველებს კი დიდი იმედგაცრუება ხვდებათ, რადგან სამსახურს ვერ შოულობენ და ისევ უკან მიდიან“, – დასძინა ზაქარია ქუცნაშვილმა.