პოლიტიკა
პუტინმა ლიბერალიზმის ეპოქის დასასრული გამოაცხადა და ტრამპს ნიჭიერი ადამიანი უწოდა

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაზეთ The Financial Times-თან ინტერვიუში ლიბერალიზმის ეპოქის დასასრულის შესახებ განაცხადა. „“ლიბერალურმა იდეამ“ თავისი მიზანი ამოწურა, როდესაც საზოგადოებრიობა იმიგრაციის, ღია საზღვრების და მულტიკულტურალიზმის წინააღმდეგ გამოვიდა“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მისი თქმით, „ლიბერალები ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ, მსოფლიოსთვის თავისი ნება ეკარნახათ, მაგრამ ბევრი ტრაგიკული შეცდომა დაუშვეს“. პუტინმა მაგალითად მოიყვანა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის გადაწყვეტილება 1 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილის მიღების შესახებ. მან ამ გადაწყვეტილებას „მცდარი“ უწოდა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნება დაუპირისპირა, რომელიც მექსიკიდან მიგრანტებისა და ნარკოტრაფიკის ნაკადის შეჩერებას ცდილობს.

„ლიბერალური იდეა გულისხმობს, რომ არაფრის გაკეთება საჭირო არ არის. რომ მიგრანტებს შეუძლიათ, დაუსჯელად მოკლან, გაძარცვონ და იძალადონ, იმიტომ რომ მათი, როგორც მიგრანტების უფლებები დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა პუტინმა, რომლის აზრით, „ყოველი დანაშაულისთვის უნდა იყოს სასჯელი“: „ლიბერალური იდეა მოძველდა. ის წინააღმდეგობაში მოვიდა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებთან“.

გარდა ამისა, პუტინმა დაახასიათა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც „ნიჭიერი ადამიანი“: „ბატონი ტრამპი ხომ კარიერული პოლიტიკოსი არ არის, მას საკუთარი მსოფლხედვა და აშშ-ის ნაციონალური ინტერესების მისეული ხედვა აქვს. მე, მაგალითად, პრობლემების გადაჭრის ბევრ მეთოდს არ ვეთანხმები, რომლებსაც ის იყენებს. მაგრამ იცით, ჩემი აზრით, საქმე რა არის? ის ნიჭიერი ადამიანია. ძალიან ფაქიზად გრძნობს, რას ელოდება მისგან ამომრჩეველი“.

პუტინის აზრით, აშშ-ში საშუალო კლასმა ბევრი ვერაფერი მიიღო გლობალიზაციისგან, ტრამპის გუნდმა საშუალო კლასის მოლოდინები წინასაარჩევნო ბრძოლისას გამოიყენა და საპრეზიდენტო მარათონი მოიგო. ამაში იყო მისი გამარჯვების მიზეზები, და არა „გარედან მითიურ ჩარევაში“. „აი აქ, შესაძლოა, იფარება მისი ერთი შეხედვით ექსტრავაგანტური გადაწყვეტილებები ეკონომიკის სფეროში და თუნდაც პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობაში“, - განმარტა პუტინმა.