საზოგადოება
ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. შესაბამისად, სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინი.

სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინი. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზეც ისახება.

საგარეო შოკის დროს გაცვლითი კურსი ავტომატურ სტაბილიზატორს წარმოადგენს. ამ პირობებში გაცვლითი კურსის გაუფასურება შოკის მშთანთქმელის როლს ასრულებს. გაუფასურების შედეგად, გარკვეული დაგვიანებით მცირდება იმპორტი ან/და იზრდება ექსპორტი. რაც უფრო სწრაფად მოხდება გაცვლითი კურსის კორექცია, მით უფრო ნაკლები ნეგატიური გავლენა ექნება შოკს ეკონომიკაზე, და შედეგად, დასაქმებაზე, და შოკის აღმოსაფხვრელად ჯამურად უფრო ნაკლები გაუფასურება იქნება საჭირო. ასეთ დროს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვა მხოლოდ გადაავადებს გაცვლითი კურსის კორექციას, გააღრმავებს შოკს და საბოლოო გაუფასურების მასშტაბიც უფრო დიდი იქნება (ამის მაგალითებია სხვადასხვა წლებში აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა).

ამ ეტაპზე რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა, პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას წლის დარჩენილ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე ექნება. ეს საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და, შესაბამისად, კურსზეც. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პირველი კვარტალის მიმდინარე ანგარიშის დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე ანგარიში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით დაახლოებით ორჯერ (207 მლნ აშშ დოლარით) გაუმჯობესდა. ეს ნიშნავს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში საგარეო ბალანსი პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდება.

საქართველოს საგარეო შოკებით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება აქვს. 2014-2015 წლებში ნავთობის ფასების ვარდნის შედეგად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან მოთხოვნისა და გზავნილების შემცირებამ, უკრაინაში საომარმა ვითარებამ, რუსეთისთვის საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების დაწესებამ და აშშ დოლარის გლობალურმა გამყარებამ სავალუტო შემოდინებები დაახლოებით 1,2 მლრდ აშშ დოლარით შეამცირა.

მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკი ზრუნავს საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობაზე. ადეკვატური რეზერვები ზრდის ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობას, რითაც ხელს უწყობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. როდესაც ქვეყანას არასათანადო რაოდენობის რეზერვები აქვს, შოკების დროს იზრდება უცხოურ ვალუტაზე სპეკულაციური მოთხოვნა, ხდება კაპიტალის გადინება და გაცვლითი კურსის გაუფასურება უფრო მაღალია. შესაბამისად, ადეკვატური რეზერვის გარეშე გაცვლით კურსზე ზემოქმედება გაცილებით ძლიერი იქნებოდა.

დღევანდელი სიტუაცია ცხადყოფს, რომ სესხისა და შემოსავლის ვალუტა უმჯობესია ერთი და იგივე იყოს, როგორც ეს ეროვნულ ბანკს არაერთხელ განუცხადებია. ასეთ შემთხვევაში მსესხებლები მოწყვლადები არ იქნებიან გაცვლითი კურსის მიმართ. ამავდროულად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების ამოქმედება სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.