საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი.
რამდენიმე დღის წინ რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადება, სადაც იგი შეშფოთებას გამოხატავს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო და ქართველებს შეახსენებს, რომ „საქართველომდე სულ რაღაც 200 კილომეტრია“. კადიროვი საქართველოს ისტორიისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ქართველების დასავლურ არჩევანზე თავისი ინტერპრეტაციით საუბრობს და მიაჩნია, რომ საქართველო რუსეთთან ვალშია იმის გამო, რომ სწორედ რუსეთის წყალობით გახდა ქართული კულტურა და ლიტერატურა მსოფლიოსთვის ცნობილი; საქართველო-რუსეთის დღევანდელ დაძაბულ ურთიერთობაშიც დამნაშავედ დასავლეთს მიიჩნევს და გვიმტკიცებს, რომ რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც დახმარების ხელს პირველი უწვდის საქართველოს!
ჩვენ, ქართველი ვეტერანები, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, პატივცემულ კადიროვს შევახსენოთ: სწორედაც არ გვავიწყდება, რომ ჩეჩნეთი ჩვენგან 200 კილომეტრშია და რუსეთის მიერ შევიწროვებული, დევნილი მოსახლეობა, გასული საუკუნის მიწურულს, სწორედ საქართველომ შეიფარა, დაობლებული ჩეჩენი ბავშვები გულში ჩაიკრა და მათ მომავლის რწმენა მისცა, ურომლისოდაც, დიდი იმპერიების წინააღმდეგ მებრძოლი პატარა ერის არსებობა წარმოუდგენელია! საქართველოს თავისი ყველაზე მტკივნეული წარსულიდან კარგად ახსოვდა, აფხაზეთში, კონფედერანტების ბრძოლა ქართველების წინააღმდეგ, რომელთა ფორმირებებიც იჩქერიის დროშით მოიწევდნენ ქართველებისკენ საომრად, თუმცა, ქართველი შურისძიებით და მტრობით არასოდეს პასუხობს გასაჭირში ჩავარდნილ მეზობელს და მზადაა, მეგობრად მოსულს, კავკასიური ადათით და სტუმართმოყვარეობით უმასპინძლოს, გაუღოს სახლის და გულის კარები, თუმცა, არც მტრად მოსულის დახვედრა ეშლება! ქართველი კავკასიის ღირსეული შვილია და მან იცის, სტუმრად მოსული კავკასიელი, მასპინძლის ადგილს არასოდეს დაიკავებს! ამის ნათელი დადასტურებაა ქართულის უპრეცენდენტო მეგობრობა კავკასიელ ხალხებთან, როცა სტალინის მიერ რეპრესირებულნი, საკუთარ კერას დაუბრუნდნენ, მათ სახლებში მცხოვრებმა ქართველებმა უვნებლად გადასცეს მათი მამა-პაპისეული სახლ-კარი და ქონება!
საქართველოს და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი სწორედ შედეგია რუსეთის მიერ "დასახმარებლად გამოწვდილი ხელისა“, რომელიც "მათრახსა და ტანკზე“ გადიოდა და რომლის სიმწარეც, ჩვენმა ქვეყანამ, საკუთარ თავზე, არა ერთგზის გამოსცადა! მაგალითების მოსაძებნად ღრმა ისტორიული წიაღსვლები არ გვჭირდება - სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში, კარგად გვახსოვს რუსეთის „სამშვიდობო მისია“, რომლის წყალობითაც, ათასობით ქართველი იძულებული იყო მამა-პაპისეული მიწა-წყალი, წინაპართა საფლავები მიეტოვებინა და საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეულიყო; კარგად გვახსოვს და წარმოუდგენელია, დავივიწყოთ რუსების მიერ „მშვიდობისმყოფელის“ მისია აფხაზეთში, როცა ქართულმა მხარემ ირწმუნა რუსეთის კეთილგანწყობა, მთელი მძიმე ტექნიკა გამოიყვანა სოხუმიდან; ხალხს მშვიდობიანი ცხოვრების იმედი ჩაესახა, ბავშვები სკოლაშიც წავიდნენ, ხოლო სულ რამდენიმე დღეში, ცალმხრივად განიარაღებული სოხუმი, ამ "მშვიდობისმყოფელის“ წყალობით, ცეცხლის ალში გაეხვა! რუსეთის „კეთილგანწყობის“ კიდევ ერთი დადასტურებაა 2008 წელს ღია აგრესია საქართველოს _ სუვერენული სახელმწიფოს მიმართ, რომლის დამოუკიდებლობას ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ვერაფრით ეგუება, რის გამოც გაიზარდა ოკუპირებული ტერიტორიების არეალი, საკუთარი სახლებიდან აყრილი მოსახლეობა და ომს შეწირული კიდევ ასობით ჩვენი სამშობლოს ჯარისკაცი თუ მშვიდობიანი მოქალაქე! ჩრდილოელი მეზობლის მიერ არა ერთგზის შევიწროვებულ ერს, სწორედ დასავლელმა პარტნიორებმა გამოუწოდეს დახმარების ხელი და ქართველი ერის დასავლეთისკენ სწრაფვა სწორედაც რომ ლოგიკური შედეგია საქართველოს მიმართ რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკისა. თუმცა, აქვე ისიც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოებს შორის ამ მეტად დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, არც ერთი რუსი ტურისტისთვის არ აუკრძალავს ქართველს საქართველოში ჩამოსვლა. რუსი პოლიტიკოსების გადაწყვეტილება არასოდეს გამხდარა უბრალო ადამიანებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი.
საქართველოს ფარგლებს გარეთ ბევრი ქართველი მოღვაწეობდა და არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში! მათ თავიანთი წვლილი შეჰქონდათ და შეაქვთ იმ ქვეყნების განვითარებაში, რომლის მოქალაქენიც არიან; რუსეთის არმიისთვის ესოდენ სანაქებო გენერალი, პეტრე ბაგრატიონი ქართველი იყო, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გამორჩეული და სასახელო გენერალი _ ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი! აღარ მოვყვებით კულტურის იმ უამრავ ქართველ მოღვაწის სახელების ჩამოთვლას, რომელთაც თავიანთი, არც თუ მოკრძალებული წვლილი შეიტანეს მსოფლიო კულტურის საგანძურში; რუსეთისა და საბჭოთა კავშირის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, სწორედ სახელოვანი ქართველი ხელოვანების წყალობით დაიმკვიდრა სახელი მსოფლიო კულტურულ სარბიელზე.
ჩეჩნეთის რესპუბლიკა არის რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი და მას აქვს უფლება, ისე ისაუბროს, როგორც დიდი ქვეყნის ერთ-ერთმა შემადგენელმა ნაწილმა, მაგრამ მის პრეზიდენტს არ უნდა დაავიწყდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას, ჩეჩნეთი იმ მოცემულობიდან ვერ დაელაპარაკება, რომელშიც დღეს თავად იმყოფება! მეგობრად მოსული კი, ვინ ვინ და ქართველმა ყველაზე უკეთ იცის, როგორ მიიღოს და უმასპინძლოს _ ქართული სტუმართმოყვარეობით, რომელიც ყველაზე უკეთ სწორედ ჩეჩნებმა იციან!