პოლიტიკა
ჯერ კიდევ არარსებული ინვესტიციების ფონზე, პიარისთვის გადახდილი ორი მილიონი

saakashvili_da_trampiგასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ცნობილ ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპს შეხვდა. ქართულმა ნაციონალურმა ტელეარხებმა დიდი ზარ-ზეიმით აუწყეს საზოგადოებას იმის შესახებ, რომ უცხოელი ბიზნესმენი საქართველოში პირველ ეტაპზე 300 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. ინვესტიციის ფარგლებშიც ბათუმსა და თბილისში ლუქსის კლასის ორი 40-სართულიანი ცათამბჯენი აშენდება, რომლებიც როგორც საცხოვრებელ კომპლექსებს, ისე შეკრებების ცენტრებს, კაზინოებსა და ოფისებსაც მოიცავს. თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე, „Trump Tower“ აშენდება, ხოლო ბათუმში – „Trump Riviera“. თითოეულ მათგანში კი 100-მდე ელიტური აპარტამენტი განთავსდება.

„The Trump Organization“-სა და „Silk Road Group Georgia“-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მსოფლიო ბიზნესში ტრამპის სახელის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იქვე აღნიშნა, რომ ბათუმში დაგეგმილი მშენებლობა უკვე იწყება. განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკელი მილიარდერის ინვესტიციით მშენებლობაში პირველ ეტაპზე 250 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდება, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდას გეგმავს“.

თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ცნობილი მილიარდერი საქართველოში ფულის დაბანდებას ჯერჯერობით არ გეგმავს. გავლენიანი ამერიკული გამოცემა „New York Times“ იუწყება, რომ ტრამპს საქართველოში საკუთარი თანხების ინვესტირება ჯერ არ გადაუწყვეტია და მის კომპანიასა და „Silk Road Group Georgia“-ს შორის ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ფრენშაიზორი, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ფრენშაიზის მიმღებს გადასცემს საწარმოს გაძღოლის მთლიან სისტემას (კონცეფციას), მათ შორის, სახელწოდებას, სავაჭრო ნიშნებს, რეკლამას, პროდუქციის შექმნისა და მომსახურების გაწევის მეთოდებს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა ისიც, რომ აღნიშნული ცათამბჯენების მშენებლობა 2013 წლამდე არ იგეგმება.

ის, რომ დონალდ ტრამპი საქართველოში ფულის დახარჯვას არ აპირებს, მოგვიანებით „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას „Silk Road Group Georgia“ -ს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმაც დაადასტურა. „მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, კონტრაქტში  რამდენიმე  მნიშვნელოვანი პუნქტია გათვალისწინებული. პირველია დონალდ ტრამპის სახელი, ანუ ლიცენზია, მეორე კი გახლავთ ფულის მოზიდვა, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპი პროექტებში საკუთარ  ფულს  ჩადებს, თუმცა არც ესაა გამორიცხული. განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრამპი დაგვეხმარება ამერიკისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფულის მოზიდვაში. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მონაწილეობას მიიღებს მარკეტინგისა და მენეჯმენტის დონეზე“, – განაცხადა რამიშვილმა.

რაც შეეხება ფრენშაიზინგს, რომლის გაფორმებისთვისაც ფრენშაიზის მიმღებმა ფული უნდა გადაიხადოს, როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ქართულ „Silk Road Group“-ს ტრამპის ორგანიზაციასთან ამ ხელშეკრულების გაფორმება 2 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა. ინფორმაციის შესამოწმებლად საქინფორმი კომპანიის პიარმენეჯერ მაია ლომაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ „არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რა რაოდენობის თანხა გადაიხადა კომპანიამ ხელშეკრულების გასაფორმებლად“. კონტრაქტის პირობებს არც ტრამპის კომპანიის პრესსამსახური ახმაურებს.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი – მოსახლეობის რა ფენაზეა გათვლილი თბილისის „Trump Tower“ და ბათუმის „Trump Riviera“? ამ მასშტაბური პროექტების განხორციელების დაგეგმვის შემდეგ, რომლის ელიტურ აპარტამენტებზე ხელი ჩვეულებრივ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ვერ მიუწვდება, საზოგადოებაში დაიწყო საუბრები იმაზე, რომ შესაძლოა, ხელისუფლებას ცათამბჯენები სათავისოდ სჭირდება, რადგან მმართველი პარტიის რიგებიდან საკმაოდ ბევრს შეუძლია მსგავსი ფუფუნების უფლება მისცეს საკუთარ თავს, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კი „ტრამპის სახელობის ბინას“ მას ვერავინ წაართმევს.

ის, რომ პროექტის განხორციელება 2013 წლიდან დაიწყება, საზოგადოებაში კიდევ რამდენიმე მოსაზრებას ბადებს – თუ სააკაშვილს 2013 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენის შანსი არ აქვს, რისთვის მოჰკიდა ხელი მსგავს მასშტაბურ პროექტს, რისთვის ცდილობს, გახადოს საქართველო უფრო მიმზიდველი სხვა ინვესტორებისთვის? საუბარი იმაზე, რომ ის მომავალ ხელისუფლებას საქმეს გაუმარტივებს და კარგ საინვესტიციო გარემოს დაუტოვებს, ალბათ, ძნელია და სწორედ ამიტომ მუსირებს აზრი, რომ შესაძლოა, ეს ყბადაღებული პროექტი სააკაშვილმა 2013 წელს წინასაარჩევნო კაპმანიისთვისაც გამოიყენოს.

რაც შეეხება პროექტისთვის თანხების მოზიდვას, „სილქ როუდ გროუფს“ ტრამპის კომპანია ამ საკითხშიც დაეხმარება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი განსახორციელებლად მზადაა, ჯერჯერობით ფულის ჩადების მსურველები არ ჩანან. საკითხავი სწორედ ისაა, ვინ ჩადებს ამ მასშტაბურ პროექტში ფულს, იმ ფონზე, როდესაც ქართველი საზოგადოების, ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გახშირდა საუბარი იმაზე, როგორ „ატყავებს“ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესმენებს. მაგალითისთვის კი, ალბათ, ბიზნესმენ ნუგზარ ბოჭორიშვილის ამბავი და ვალის დაუბრუნებლობის მიზნით ებრაელი ბიზნესმენების წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციაც კმარა, რის გამოც ისრაელის ხელისუფლებამ საქართველოს ოფიციალურ პირებთან ჯერჯერობით ყოველგვარი კონტაქტი შეაჩერა.