უცხოეთი
აშშ ირანს მოლაპარაკებებს სთავაზობს

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ ცდილობს ირანთან ომის დაწყებას და ოფიციალურ თეირანს მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს. ამის შესახებ მან ტელეარხ „ენ-ბი-სის“ გადაცემაში „შეხვედრა პრესასთან“ განაცხადა. ირანთან მოლაპარაკებების სურვილი დაადასტურა აგრეთვე აშშ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

„ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ მოლაპარაკებები წინასწარი პირობების გარეშე. მოუთმენლად ველოდები მომენტს, როდესაც ირანიც მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა პომპეომ.

ამერიკის ადმინისტრაციამ ეს განცხადებები გააკეთა ირანის სამხედროების მუქარის მიუხედავად, რომლის თანახმადაც ნებისმიერი კონფლიქტი სპარსეთის ყურეში უკონტროლოდ გავრცელდება და საფრთხეს შეუქმნის აშშ სამხედროების სიცოცხლეს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის ირანთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელიც განამტკიცებს ირანის ეკონომიკას, შეამცირებს დაძაბულობას რეგიონში მაგრამ გამორიცხავს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას.

interpressnews.ge