საზოგადოება
8 ივლისიდან ქართული ავიაკომპანიები რუსეთის მიმართულებით ვერ იფრენენ

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. 8 ივლისიდან ქართული ავიაკომპანიები რუსეთის მიმართულებით ფრენებს ვერ განახორციელებენ. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო იუწყება.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი საავიაციო უსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველყოფის აუცილებლობა და აერონავიგაციური საქმიანობის შესრულებაზე ვადაგადაცილებული დავალიანების არსებობა გახდა.

უწყების ინფორმაციით, დავალიანება საურავის გარეშე თითქმის 800 ათას დოლარს და 600 ათას რუბლს აღწევს. მათივე ინფორმაციით, საქართველომ დავალიანების არსებობა ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა, თუმცა ის ამ დრომდე არ დაუფარავს.

ავიაფრენების შესრულებაზე აკრძალვა იმოქმედებს, ვიდრე რუსული მხარე ავიაკომპანიების Georgian Airways-ის და MyWay Airlines-ის საავიაციო უსაფრთხოების პროგრამებს, მათი აუდიტის შედეგებს არ მიიღებს და ქართული მხარე არსებულ დავალიანებას სრულად არ დაფარავს. უწყების ინფორმაციით, ქართულ მხარეს ამის შესახებ უკვე ეცნობა.

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.