საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. თბილისში რუს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ imedinews-ს უწყებაში აცნობეს.
„გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო“, - განაცხადეს უწყებაში.
რუსული მედია იტყობინებოდა, რომ თბილისში უცნობი პირები ტელეარხ „Россия 24“-ის გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს. გამოცემა „ვესტის“ ინფორმაციით, ორმა აგრესიულად განწყობილმა კაცმა მათი არხის კორესპონდენტის სტანისლავ ბერნვალდის და მისი ოპერატორის ცემა სცადეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს მფლობელს ესაუბრებოდნენ. ჟურნალისტებს კი ტურისტული სააგენტოს მფლობელის ქართველი მეუღლე გამოესარჩლა.
მოგვიანებით რუსეთის საგარეო უწყებამ საერთაშორისო ორგანიზაციებს თავდასხმაზე რეაგირებისკენ მოუწოდა.