აქტუალური
Georgian Airways რუსეთიდან მგზავრებს თბილისში ერევნის გავლით ჩამოიყვანს

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. Georgian Airways მგზავრებს ტრანზიტულ რეისს თბილისი-ერევანი-მოსკოვს შესთავაზებს. ამის შესახებ კომპანიამ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება. აღნიშნული ცვლილება რუსეთის მიერ დაწესებულმა ტურისტულმა ემბარგომ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება ეკრძალებათ.

Georgian Airways-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 ივლისიდან ვერც ქართული კომპანიები შეძლებენ რუსეთში პირდაპირი რეისით ფრენას და სწორედ ამიტომ მგზავრებს ისინი ჩარტერულ რეისს შესთავაზებენ.

"როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ.

იმ შემთხვევაში, თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" საკუთარ მგზავრებს შესთავაზებს თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტულ ფრენებს", - წერია ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

21 ივნისს ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მიმართულებით რუსული ავიაკომპანიების ფრენები აკრძალა. "რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც პუტინი აცხადებს, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს, დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა.