სამართალი
ზაქარია ქუცნაშვილი - მზად ვარ, დავტოვო დეპუტატის თავისუფალი მანდატი

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს.

ამის შესახებ მან პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების გაღიზიანებას, ამის გამო მოვუხადე ბოდიში. როგორც კაცი, ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და ამ პროცესში ჩართული ასევე მასპინძელი პირი ზაქარია ქუცნაშვილი დარჩეს თანამდებობაზე. ეს ჩემი მხრიდან არ იქნება ადამიანურად სწორი საქციელი.

მე არ მაქვს თანამდებობა პარლამენტში, ერთადერთი რაც მაქვს, არის დეპუტატის თავისუფალი მანდატი. ამიტომაც მე დღეს ვაცხადებ, რომ მზად ვარ, დავტოვო ჩემი დეპუტატის თავისუფალი მანდატი“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი, თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატია. მან საკუთარ ამომრჩევლებს დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილებისთვის ბოდიში მოუხადა და მისი საქმიაონის მხარდაჭრისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ „ქართული ოცნების” მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას.

1tv.ge