საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია ჩააგდეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში, თავმჯდომარის მაგიდასთან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი დაინახეს.
გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდასთან აღმოჩნდა, რადგან მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტია.
ასამბლეის სხდომა ოთხშაბათს ცერემონიების სახელმწიფო სასახლეში, ანუ ავლაბრის პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გაიხსნა. მეორე დღეს ღონისძიება საქართველოს პარლამენტში გაგრძელდა.
შესვენების შემდეგ დეპუტატებმა პარტიებიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პრეზიდიუმის ტრიბუნის უკან ტერიტორია დაიკავეს, ხმაურიანი აქცია მოაწყვეს და პირობა დადეს, რომ იქ გავრილოვი ვეღარ გამოჩნდებოდა. ოპოზიციონერებმა ამ ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულეს.
ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ შემოუშვა ქვეყანაში ადამიანი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა, არამედ მას ასევე საპატიო ადგილი გამოუყო - პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდასთან. ზოგიერთი ოპოზიციონერი უცენზურო ლექსიკასაც იყენებდა რუსული დელეგაციის წევრების მისამართით.
ამის პარალელურად აქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთან.
ამ სკანდალის ფონზე მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეცდომა მოხდა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადეს. მათი თქმით, ღონისძიება სხვა ადგილზე გაგრძელდება, თუმცა, კონკრეტულად სად, ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება თავად გავრილოვს, მან მასმედიისთვის მცირე კომენტარი უკვე გააკეთა.
„2008 წლის ომი - ეს ისტორიაა, რომლის გაკვეთილიც უნდა ვისწავლოთ", - განაცხადა გავრილოვმა ტელეკომპანია Rustavi 2-თან. მისი თქმით, ეს იყო „უსიამოვნება, რომლის ინიციატორებიც ახლა საქართველოში არ იმყოფებიან".
მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ბევრი უსიამოვნება მოხდა, მაგრამ პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია.
როგორც გავრილოვმა ასამბლეაზე აღნიშნა, მსოფლიოში მრავალი პრობლემაა და ასეთ სიტუაციაში არასწორია ძალისა და დადგენილი სანქციების პოზიციით ლაპარაკი. მისი თქმით, სამყარო მართლმადიდებლობის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.
ამასთან, როდესაც ღონისძიება ცერემონიების სახელმწიფო სასახლეში მიმდინარეობდა, ქუჩაში პარალელურად აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. როგორც გავრილოვმა ქართულ მედიასთან განაცხადა, არსებული ვითარება მისთვის არანაირ დისკომფორტს არ ქმნის; რუსი დეპუტატის თქმით, საქართველო მისი სამშობლოა - სწორედ ამ ქვეყანაშია დაკრძალული მისი ბაბუა და ის ბედნიერია, რომ აქ იმყოფება.
Sputnik