სამართალი
ნინო ლომჯარია - „თბილისი პრაიდზე“: მე ვიქნები ყველგან, სადაც გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე შეექმნება, იმედი მაქვს, შსს კრიმინალს ადეკვატურ პასუხს გასცემს

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ გამოხატვა აღარ არის, თუ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაა,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ "ღირსების მარშის" და მისი მოწინააღმდეგეებისაგან მოსალოდნელი საფრთხეების თაობაზე განაცხადა.

"ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, ოღონდ ეს გამოხატვა უნდა იყოს მშვიდობიანი და გამოხატვა არ არის, თუკი მისი მიზანია, დაარბიონ მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი უფლებები შეზღუდონ. ეს არის კრიმინალი და იმედია, კრიმინალს შსს გასცემს შესაბამის - ადეკვატურ პასუხს", - განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება შეკითხვას, იქნება თუ არა ომბუდსმენი "ღირსების მარშზე" , ნინო ლომჯარიას თქმით, ის იქნება ყველგან, სადაც გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება.

"მე ვიქნები ყველგან, სადაც შეექმნება საფრთხე ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. ჩემთვის ცნობილი არ არის, სად და რა ფორმით იმართება ეს ღონისძიება, მაგრამ ვიქნები ყველგან, სადაც საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვა", - განაცხადა ლომჯარიამ.