საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. Amnesty International „თბილისი პრაიდის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატოს „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერა, ეფექტიანად გამოიძიოს მუქარები და თავდასხმის შესახებ გეგმები და დაუყოვნებლივ გაატაროს ძალადობის აღსაკვეთად რეალური და ეფექტიანი ზომები.
როგორც Amnesty International წერს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა ორგანიზაციას აცნობეს, რომ მათ სიკვდილით ემუქრებიან.
განცხადების თანახმად, ჰომოფობიური ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელიც ადგილობრივი ბიზნესმენია, ლეგიონის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც აღჭურვილი იქნება ხის ჯოხებით, რათა თავს დაესხას „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს. განცხადებაში მოყვანილია ის ინფორმაციაც, რომ ამ ჯგუფის შესახებ გამოძიება შსს-მ დაიწყო, თუმცა აქვე მოტანილია შს სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ უწყება ვერ იძლევა პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიას.
„საქართველოს ოფიციალურ პირებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება, რომ მიიღონ ყველა საჭირო ზომა, დაიცვან „თბილისი პრაიდის“ მარში თავდასხმისგან“, - წერია Amnesty International-ის განცხადებაში.
„თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ღირსების მარშის გაუქმებას არ აპირებენ. ლგბტქ+ აქტივისტები ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების დაცვას და ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.
ამ განცხადებას უპასუხეს ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა, რომლებმაც თქვეს, რომ პრაიდის მშვიდად ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.