საზოგადოება
ავღანეთის სამშვიდობო მისიას უკვე მეშვიდე ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა

soldierმიმდინარე წლის 5 მარტს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო კაპრალი ვალერი ვერსკიანი ნაღმზე აფეთქებისას მძიმედ დაიჭრა. მას აფეთქების შედეგად ყელის არეში სამი ჭრილობა ჰქონდა. ვერსკიანი მკურნალობას გერმანიის ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კაპრალი ვერსკიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხება.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სამხედრო ჰოსპიტალში, ასევე, მკურნალობას გადიან მისიის შესრულების დროს დაჭრილი, 32-ე ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური, კაპიტანი ალუდა სეთურიძე და კაპრალი რევაზ გორგაძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის ეს უკვე მეშვიდე ფაქტია. ვერსკიანის გარდა, ავღანეთში მუხრან შუკვანი, გიორგი კოლხიტაშვილი, დავით ცეცხლაძე, ნუგზარ კალანდაძე, რამაზ გოგიაშვილი და გიორგი ავალიანი დაიღუპნენ.

აღსანიშნავია, რომ დაღუპულ და დაჭრილ ქართველთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ავღანეთში სამშვიდობო მისიის ქართული კონტინგენტის გაზრდა იგეგმება.