პოლიტიკა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქარველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში თემაზე ღირსების რევოლუციიდან ხუთი წელი: უკრაინის პროგრესი/რუსეთის მავნებლური ქმედებები მოსმენა გაიმართა.

მოსმენაზე მიწვეული იყვნენ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოკერი; ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი; ბრუკინგსის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიისა და ახალი ტექნოლოგიების პროექტის დირექტორი ალინა პოლიაკოვა და ჰერიტიჯის ფონდის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს კარაფანო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა და სენატორებმა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და მათი აღკვეთის გზებზე ისაუბრეს. მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინის საკითხზე, რუსეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უკეთ განხორციელების თემაზე, ასევე შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, მისი უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსმენისას საქართველოსადმი ცალსახა და ერთხმად მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა მოსმენაზე მიწვეული ყველა სტუმრის მიერ.

ჯონ ჰერბსტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისგან მომდინარე საფრთხეებზე და ხაზი გაუსვა მათი აღკვეთის აუცილებლობას.

სამწუხაროდ, პრეზიდენტი პუტინი საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს. იგი ისწრაფვის, მისი გავლენის სფერო გაავრცელოს რუსეთის სამეზობლოზე. იგი ცდილობს, დაასუსტოს ნატო, ევროკავშირი და აშშ. მან წამოიწყო ორი ომი, საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში და უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლიდან. აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესშია, რომ შეაჩეროს კრემლის რევიზიონიზმი“, – აღნიშნა ჰერბსტმა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ჯეიმს კარაფანომ ნატოს გაფართოების ღია კარის პოლიტიკის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ნატოს გაფართოების საკითხში აშშ-ის ლიდერობის საჭიროებას. მისი მტკიცებით, დროა, დაიწყოს დისკუსია ნატოს გაფართოების მომდევნო რაუნდზე. მან ყურადღება გაამახვილა ნატოს გაფართოების საკითხში მის ოპტიმიზმზე და ამ კონტექსტში საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე ილაპარაკა.

ჩვენ საქართველოს თაობაზე კვლევა გაგვაჩნია, თუ როგორ შეიძლება ნატოში გაწევრიანების საკითხში წინსვლა, სხვა სახელმწიფოს მიერ ამ ქვეყნის ნაწილის ოკუპაციის მიუხედავად. ჩემმა კოლეგამ ლუკ კოფიმ ბევრი დაწერა ამის თაობაზე, რომ არსებულ პირობებში ნამდვილად რეალისტურია საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ვფიქრობ, რომ ეს პრეცედენტს ქმნის უკრაინისთვის. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვლადიმირ პუტინს სხვა ქვეყნების ნაწილების ოკუპირების გზით, არ გააჩნდეს ვეტო ნატოში გაწევრიანების საკითხში“, – აღნიშნა კარაფანომ.

კურტ ვოკერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შავი ზღვის რეგიონისადმი მეტი ყურადღებისა და შავ ზღვაზე ნატოს ძლიერი ყოფნის საჭიროებაზე. აღნიშნულ კონტექსტში მან ისაუბრა 2019 წლის აპრილში ვაშინგტონში გამართული ნატოს მინისტერიალის ფარგლებში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომების ახალი პაკეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზე.

შავ ზღვაზე გვყავს ნატოს მოკავშირეები რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი. გვყავს პარტნიორი ქვეყნებისაქართველო და უკრაინა. ისინი ყველა შავი ზღვისპირა ქვეყნებს წარმოადგენენ. ამდენად, შავი ზღვა რუსეთის ტბა არანაირად არ არის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ნატო მკაფიო იყოს, რომ ყველა ჩვენგანს გააჩნია ინტერესი [შავი ზღვის ფარგლებში] ნავიგაციის თავისუფლების, ღია ხელმისაწვდომობის, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – აღნიშნა ვოლკერმა.

რუსეთთან ჩართულობის თემაზე საუბრისას კი ვოლკერმა განაცხადა, რომ არსებული ვითარებით, რუსეთთან დაკავშირებით კარგად არაფერი მიმდინარეობს.

ვფიქრობ, ამჟამინდელი ვითარებით, რუსეთთან დაკავშირებით არაფერი არ მიმდინარეობს კარგად. ეს ასეა, თუ მაგალითად აიღებთ სირიას, ვენესუელას, ჩრდილოეთ კორეას, ირანს, ბირთვულ საკითხს, უკრაინას, საქართველოს. ნამდვილად არაფერია პოზიტიური. ვფიქრობ, ზოგადად, სახიფათო ვითარებაა შექმნილი. ვითარება კიდევ უფრო სახიფათო გახდება, თუ საერთოდ არ ვილაპარაკებთ რუსეთთან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ჩვენ ორივე გავაკეთოთგანვაგრძოთ რუსეთზე ზეწოლა და, ასევე, ჩვენ წინაშე არსებული პრობლემების სერიოზულობიდან გამომდინარე, ველაპარაკოთ რუსეთს, თუ ამგვარი შესაძლებლობა იქნება“, – აღნიშნა ვოლკერმა.

ალინა პოლიაკოვამ კი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მცოცავ, მიმდინარე მიტაცებაზე ილაპარაკა.

საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის არ არსებობსსტაბილური საზღვარი“. ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ ამ ხაზისმცოცავისახით მიტაცებას (We see a slow creep almost on daily basis of that contact line)“, – აღნიშნა პოლიაკოვამ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გამართული მოსმენისას საქართველოსადმი მხარდამჭერი განცხადებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.