საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72,9 პროცენტი შეადგინა.
2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს კვლავ რუსეთი იკავებს 218,7 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტით. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, რუსეთში ექსპორტი 27,9 პროცენტით გაიზარდა.
უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე აზერბაიჯანია 168,8 მლნ. აშშ დოლარით, მესამეზე კი ბულგარეთი 119,1 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი ისევ სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 261,1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 17,8 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 207,8 მლნ. აშშ დოლარით – მთლიანი ექსპორტის 14,2 პროცენტი, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 136,7 მლნ. აშშ დოლარით – 9,3 პროცენტი.
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66,2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 595,7 მლნ. აშშ დოლარის იმპორტი, რუსეთი – 349,6 მლნ. აშშ დოლარის იმპორტი და ჩინეთი – 347,9 მლნ. აშშ დოლარის იმპორტი.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 277,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 248,4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 236,0 მლნ. აშშ დოლარი.
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2019 წლის იანვარ-მაისში 4 959.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1,1 პროცენტით მეტია. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1 466,7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი - 3 492,8 მლნ. აშშ დოლარს.