საქინფორმთან საუბარში ვაჟა ფიფიამ წარმოაჩინა ჩაის კულტურის ძლიერი და სუსტი მხარეები. „ზუგდიდის რაიონში ჩაი 5200 ჰექტარზე იყო გაშენებული, ახლა კი მხოლოდ 1200 ჰექტარზეა. დანარჩენი ფართობი მოუვლელობით განადგურდა. რატომ უნდა აღვადგინოთ ჩაის კულტურა და რა უპირატესობები აქვს ბიზნესს ამ სფეროში?! მთავარია ჩაის ბიზნესისგან მოსალოდნელი შემოსავალი და ადამიანთა დასაქმება. ჩაი ჩვენში უალტერნატივო კულტურაა, თანაც, ჩვენთან მისთვის ტიპური ნიადაგებია, ნიადაგის მაღალი სიმჟავის, ტენიანობისა და რელიეფის გამო. თუმცა ამ კულტურას თავისი სუსტი მხარეებიც აქვს. ჩაის პლანტაციები შენდებოდა ყველგან, მათ შორის, კოლხეთის ზონაში, სადაც ნიადაგობრივი პირობები მისთვის არ იყო ხელსაყრელი. ნაკლები ყურადღება ექცეოდა პროდუქციის ხარისხს“... – აღნიშნა ვაჟა ფიფიამ.
ექსპერტის განმარტებით, დროა, საქართველოს მთავრობამ, ვენახთან ერთად, ჩაის მიმართაც გამოხატოს სახელმწიფო პოზიცია და მეჩაიეობის რაიონებისათვის პრიორიტეტულ დარგად აღიაროს, სანამ ჯერ კიდევ არ გადაშენებულა ეს კულტურა. „როცა პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე ლაპარაკობდა, სამწუხაროდ, იქ ჩაი არც უხსენებია. მისასალმებელია საზღვარგარეთ ცოდნამიღებული აგრონომები, მაგრამ აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება და გამოვიყენოთ ჯერ კიდევ შემორჩენილი კადრებიც“, – განაცხადა ვაჟა ფიფიამ.