საზოგადოება
ცოტა რამ ჩერქესული „გენოციდის“ შესახებ – გულბაათ რცხილაძე

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი.

ჯერ კიდევ 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიური ომის დროს ჩერქესების გენოციდის აღიარების შესახებ. რეზოლუცია იმპერიის ხელისუფლების ქმედებებს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო-სადამსჯელო ექსპედიციების კვალიფიკაციას აძლევს, რომელთა შედეგად „განადგურდა ან სამშობლოდან გააძევეს ჩერქეზთა 90 პროცენტზე მეტი“. მას შემდეგ, მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა და არაერთი ჩატარებული არჩევნებისა, ეს თემა „დასავლელი პარტნიორებისა“ და აშშ-ის აქტიური ხელშეწყობით, მუდმივად მუსირებს.

თავისთავად იოლია, იქექო 150 წლის წინანდელ ისტორიაში, როდესაც არ გაინტერესებს სიმართლე და არ ითვალისწინებ ეპოქის პოლიტიკურ კონტექსტს, იმჟამინდელ სოციალურ თუ ეკონომიკურ რეალიებს და სხვა ფაქტორებს. ვითომ „ისტორიული სამართლიანობის“ მიღწევის წადილით შეპყრობილი ქართველების მიერ ხდება რუსეთის იმპერიის არმიის დემონიზაცია კავკასიის ომში, მისთვის აგრესიულობის, ვერაგობის, პათოლოგიური დაუნდობლობის თვისებების მინიჭება, ხოლო ადიღურ-ჩერქესული ტომები გამოჰყავთ მხოლოდ დადებით შუქში. ფაქტები მახინჯდება, უკონტროლოდ და წყაროების მითითების გარეშე ხდება მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა, ადამიანების გადასახლება თავიანთი ქონებითა და ცხვრის ფარით იწოდება „გენოციდად“ და ა. შ. მთლიანობაში, 1948 წლის 9 დეკემბერს გაეროს მიერ რეზოლუცია #260 (III) -ით დამტკიცებული გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და მისი დასჯის შესახებ კონვენციის თანახმად, „გენოციდის“ ტერმინი გულისხმობს ქმედებებს, მიმართულს რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის, როგორც ასეთის, სრულად განადგურებისკენ. ჩერქესული ტომების გადასახლება ახლოსაც არ ხვდება „გენოციდის“ განსაზღვრებასთან. მაგრამ ამ თემით დაინტერესებულ ძალებს, როგორც უკვე ვთქვით, სიმართლე არ აინტერესებთ. ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ ჩერქესული ტომების „ეკონომიკა“ ემყარებოდა მეზობელ ტერიტორიებზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, ბანდიტურ თავდასხმებსა და მონებით ვაჭრობას. ისინი ათასობით მონას ჰყიდდნენ ოსმალეთის იმპერიაში. თურქებს განსაკუთრებით ახალგაზრდა მონებზე ჰქონდათ მოთხოვნა, მათგან აკომპლექტებდნენ იანიჩარების კორპუსს – ოსმალეთის არმიის ელიტას, რომელიც მერე ოსმალეთის მტრებთან აწარმოებდა ომებს, მათ შორის, საქართველოში. მხოლოდ ანაპის პორტის გავლით ყოველწლიურად 8-10 ათასი მონა გადიოდა, ხოლო იქ თურქული ციხე-სიმაგრის აშენებისა და გარნიზონის ჩაყენების შემდეგ მონათა რაოდენობა 12 ათასამდე გაიზარდა. ეს არის ათასი კაცი თვეში, ანუ 300-ზე მეტი დღეში. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ანაპა არ იყო ერთადერთი საზღვაო პუნქტი, სადაც წარმოებდა მონებით ვაჭრობა.

ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე თავის წიგნში მოგზაურობა კავკასიის გარშემო წერს: ჩერქესეთში წარმოება და ვაჭრობა თითქმის არ არსებობს. თურქებთან მათი ურთიერთობა გამოიხატება მხოლოდ ღარიბულ გაცვლით ვაჭრობაში. ამ ურთიერთობებში მთავარი საფუძველი ყოველთვის იყვნენ მონები; მე არ გავიმეორებ იმას, რასაც ადრე ვამბობდი ამასთან დაკავშირებით. ჩერქესების მთელი საქმიანობა უკავშირდება მოიპოვონ ეს გაცვლითი მონეტა რუსებისა და მოწინააღმდეგე ტომების დარბევების გზით, მათ შორის, საზღვაო თავდასხმების გზით“.

იმავეს წერს . კარლსჰოფი სტატიაში ჩერქესი ტომების პოლიტიკური მოწყობის შესახებ, რომლებიც შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე სახლობენ (სტატია გამოქვეყნდა 1860 წელს):

ადამიანებით ასე გრძელვადიანი და მასშტაბური ვაჭრობით ამ ხალხს შორის არათუ წარმოება ვერ განვითარდებოდა, არამედ თავად საზოგადოება ვერ გამოდიოდა ნახევრად ველური მდგომარეობიდან. ეს ვაჭრობა მათ მოთხოვნებს იოლად აკმაყოფილებდა, რადგან შრომას არ საჭიროებდა; სამაგიეროდ, ჰყვაოდა სიზარმაცის, მუქთამჭამლობის და მტაცებლობის სულისკვეთება; ირღვეოდა საზოგადოების შინაგანი სიმშვიდე, ბიძგი ეძლეოდა მუდმივ თავდასხმებსა და დარბევებს ტყვეთა ხელში ჩაგდების მიზნით. სუსტდებოდა მშობლის წმინდა გრძნობა, ბავშვებს უყურებდნენ, როგორც ნივთს, დაბოლოს, ადამიანის ღირსება არად ფასობდა. ასეთი საზოგადოება ვერ მიაღწევს ვერანაირ წარმატებას ხალხის სამოქალაქო ყოფაში; მამაკაცები მუდამჟამს შეიარაღებულნი და მობილიზებულნი უნდა იყვნენ, სამაგიეროდ, ქალების მხრებზე წვება მძიმე შრომის ხვედრი“.

გარდა იმისა, რომ ანტირუსული ისტერიის გამო მახინჯდება ისტორია, ასევე შეგნებულად ხდება ჩერქესი ხალხის გარშემო დღესდღეობით არსებული ვითარების მიჩუმათება. მაგალითად, ვერსად ნახავთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბოლო წლებში რუსეთში ნებაყოფლობით დაბრუნდა ათასზე მეტი ჩერქესი სირიიდან. ასევე ვერ გაიგებთ მასმედიიდან, რომ მხოლოდ რუსეთში არსებობს ყარაჩაი-ჩერქესეთის რესპუბლიკა, სადაც ცხოვრობს კიდეც ვითომ გენოციდში მოყოლილი ხალხი, რომელსაც რუსეთს გარდა სხვაგან არსად არ გააჩნია თავისი ეროვნულ-ადმინისტრაციული ერთეული, თუნდაც იქ ჩერქესული დიასპორა დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი.

გულბაათ რცხილაძე