საზოგადოება
„სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ კომიტეტი ზუგდიდში

kreba_Zugdid„სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ ლიდერებმა თბილისში დადებული „დიდი ფიცის“ შემდეგ პირველი გასვლა სამეგრელოში განახორციელეს და ზუგდიდში თავიანთი ბოლო – 37-ე კომიტეტი დააფუძნეს, რომლის თავმჯდომარედაც დაამტკიცეს ზამირა ღადუა – ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი და „დემოკრატიული მოძრაობის“ –ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ნონა გაფრინდაშვილმა, ნინო ბურჯანაძემ, ელიზბარ ჯაველიძემ, თემურ შაშიაშვილმა, ირაკლი ბათიაშვილმა, გურამ ფირცხალავამ „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ ზუგდიდის ოფისში შეკრებილ 100-მდე დამსწრეს განუმარტეს, რომ მათი მიზანია შიშის სინდრომისაგან მოსახლეობის გამოყვანა, ხელისუფლების ზეწოლისაგან დაცვა და დაწყებული ბრძოლის გამარჯვებით დასრულება.

ნინო ბურჯანაძე: „ნუ შეგეშინდებათ, ყველგან შეიქმნა ჩვენი კომიტეტები. თუ შეილახება თქვენი უფლებები, ჩვენ ყველანი აქვე გავჩნდებით. თუ ხელისუფლება გაბედავს და ხელს აღმართავს ხალხზე, იგივე დაემართება, რაც დაემართა მუბარაქს“...

ბოლოს კი ხელისუფლების მიერ ყველაფრის გაყიდვაზე ისაუბრა, მათ შორის, შავი მიწის გაყიდვის შესახებაც: „ჩვენს ხელისუფლებას ცვლილება აქვს კანონში შეტანილი, რის მიხედვითაც, ნებადართულია შავმიწა ნიადაგის მოჭრა და გაყიდვა, რითაც დაინტერესებულია ისრაელისა და არაბეთის ქვეყნები“.

თემურ შაშიაშვილი: „ჩვენი მიზანია არა მხოლოდ სააკაშვილთან ბრძოლა, არამედ იმათთანაც, ვინც შექმნა სააკაშვილი და ვისაც ის ეყრდნობა. ყველა დროში ყველა კრებამ საქართველოში დადებითი როლი შეასრულა და ეს კრებაც აუცილებლად შეასრულებს თავის მისიას. კრება – ეს არის ვაჟკაცების მოძრაობა“.

ელიზბარ ჯაველიძე: „ისტორიაში არსად არასდროს წამიკითხავს, რომ თავისი ერი ისე გაეჩანაგებინოს ვინმეს, როგორც ამ ხელისუფლებას. ესენი დედის საშოდან არ არიან ნაშობნი, ესენი სატანის შვილები არიან, ამიტომაც საჩქაროდ უნდა გავყაროთ ისინი. მე ამ ხელისუფლების დაუძინებელი მტერი ვარ“.

ირაკლი ბათიაშვილმა კი დამსწრეთ ამცნო, რომ, შობადობის მიხედვით, 194 ქვეყნიდან საქართველო 192-ე ადგილზეა და ქართველები მომაკვდავი ერი ვართ.