საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. "დუმის დეპუტატების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არასასურველია და ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ასევე საერთაშორისო ავტორიტეტს," – „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი 19 ივნისს დაგეგმილ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ეხმაურება, სადაც ჩამოსვლას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის რამდენიმე წევრი გეგმავს. მათ შორის არის რუსეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი სერგეი გავრილოვი.
"სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, გავრილოვი იმყოფებოდა აფხაზეთში აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და მონაწილეობდა ომში საქართველოს წინააღმდეგ. იგი ასევე იმყოფებოდა სხვა ცხელ წერტილებში - დნესტრისპირეთსა და კოსოვოში. იგი ხელმძღვანელობს „ურთიერთქმედების ჯგუფს“, რომელიც თანამშრომლობს ე.წ დნესტრისპირეთის რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტთან - რომელსაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. პარლამენტების მსგავსად არავინ აღიარებს. აღსანიშნავია, რომ კომპარტიის ლიდერ გენადი ზიუგანოვთან ერთად ერაყის როგორც პირველი, ასევე მეორე ომის დროს იმყოფებოდა ბაღდადში და აქტიურად უჭერდა მხარს სადამ ჰუსეინის რეჟიმს.
გავრილოვი აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, სხვადასხვა ეკლესიების მიერ, აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთერთ მედროშედ. უდიდესი ალბათობით, მისი თბილისში ვიზიტის ერთერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგოდ ლობირებაა. 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში იგი ღიად საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა საკუთარი გავლენის საქართველოში აღსადგენად, ფოკუსირება სწორედ საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს, რაც პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს. იგი ასევე მონაწილეობდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. გავრილოვის საქართველოში შემოშვება იქნება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის სუვერენიტეტის უპატივცემულობა," - ამბობს კანდელაკი.
კიდევ ორი რუსი დეპუტატი, რომლებზეც კანდელაკი საუბრობს, არიან - ალექსეი ჩეპა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის თემებზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერია და ვლადიმერ ჟირინოვსკის პარტიის წარმომადგენელი ივან სუხარევი.
"რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჩეპა აქტიურად გამოდის, რუსეთიდან 2006 წელს მასობრივად გამოძევებული ქართველების საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გამოძევებულთათვის კომპენსაციის გადახდის წინააღმდეგ. ალექსეი ჩეპა ასევე აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ოკუპირებულ დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას.
ივან სუხარევი გამოირჩევა აქტიურობით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხში. სუხარევი არაერთხელაა ნამყოფი როგორც ანექსირებულ ყირიმში, ასევე დონბასში. გასული წლის ნოემბერში იგი ესწრებოდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაციას და აკრძალული აქვს შესვლა უკრაინის ტერიტორიაზე. ამ პიროვნების საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვება იქნება უკრაინის მიმართ არამეგობრული ნაბიჯი,” - თქვა კანდელაკმა.
მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი რიგით 26-ე ასამბლეის საზეიმო გახსნის ცერემონია 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება. ოფიციალური პროგრამის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობა ასე გამოიყურება: სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო, ელენა კამინსკაია.
19 ივნისის ღონისძებაზე პროგრამის მიხედვით დაგეგმილია სერგეი გავრილოვის მისასალმებელი სიტყვა და მისალმება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სახელით.
მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის (I.A.O.) რიგით 26-ე გენერალური ასამბლეა 19-დან 23 ივნისამდე გაგრძელდება. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.