უცხოეთი
დონალდ ტრამპი აშშ-იდან არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დაწყებას აანონსებს

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ აშშ-იდან არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დაწყებას აანონსებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიცია მილიონობით არალეგალი მიგრანტის დეპორტაციას მომავალი კვირიდან დაიწყებს.

„მომავალ კვირას საიმიგრაციო და საბაჟო პოლიცია დაიწყებს აშშ-ში უკანონო გზით შემოსული მილიონობით არალეგალი უცხოელის გაძევების პროცესს. მათ გააძევებენ ისევე სწრაფად, როგორც ისინი ჩამოვიდნენ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე შეაქო მექსიკა მიგრანტთა ნაკადის შეჩერებისთვის და აღნიშნა, რომ გვატემალამ მზადყოფნა გამოთქვა, ასევე მოაწეროს ხელი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ შეთანხმებას. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში მიგრაციული კრიზისის დარეგულირების მიმართულებით დემოკრატები უმოქმედობაში დაადანაშაულა და მათ კონგრესში საიმიგრაციო რეფორმის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მექსიკა თავისი ძლიერი საიმიგრაციო კანონების გამოყენებით ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებს ამ ადამიანების ჩვენს სამხრეთ საზღვრამდე გაჩერებით. გვატემალა ემზადება მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად. ერთადერთი, ვინც არაფერს აკეთებს, კონგრესში დემოკრატები არიან. მათ ხმა უნდა მისცენ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და თავშესაფრის სისტემის მოსაწესრიგებლად. თუ ეს მოხდება, სასაზღვრო კრიზისი სწრაფად დასრულდება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ვაშინგტონში 7 ივნისს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მექსიკა აშშ-ში არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ აქტიურ ზომებს მიმართავს. ქვეყანა გაამკაცრებს აშშ-სთან საზღვრის დაცვას და გააძლიერებს ბრძოლას იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც მიგრანტები საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავთ.

ამასთან, მექსიკა დათანხმდა მიეღო აშშ-დან მიგრანტები, ვიდრე ამერიკული მხარე თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ მათ განცხადებებს შეისწავლის.

1tv.ge