უცხოეთი
უეფა-ს (UEFA) ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. უეფა-ს (UEFA) ყოფილი პრეზიდენტი, ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა მიშელ პლატინი დაკავებულია, – წერს ინგლისური გაზეთი „სანი“ (The Sun).

63 წლის პლატინი პოლიციამ დააკავა იმ საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელიც ყატარისთვის ფეხბურთში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების გადაცემას ეხება. ამ მომენტისთვის, პლატინი პარიზის გარეუბან ნანტერის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს საქმეში, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის მასპინძელი ქვეყნის არჩევნებისას ხმების გაყალბებას ეხება. სწორედ ამის წყალობით გახდა პლანეტის პირველობის მასპინძელი ყატარი.

2015 წლის ბოლოს პლატინი, რომელსაც ფიფას (FIFA) ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა, ამ ორგანიზაციის ეთიკის კომიტეტმა რვა წლით ჩამოაცილა საფეხბურთო საქმიანობას. ამის საფუძველი გახდა 2011 წელს, ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერის მიერ პლატინის ანგარიშზე ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადარიცხვა. მოგვიანებით, ეს დისკვალიფიკაცია ექვს წლამდე შეამცირეს.

1tv.ge