პოლიტიკა
საქართველო არის სრულიად სხვაგვარი ქვეყანა, აქვს ტრადიციები და ამას პატივი უნდა სცე! - ავსტრიის ელჩი

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. საქართველო არის სრულიად სხვაგვარი ქვეყანა, მას აქვს ტრადიციები და ამას პატივი უნდა სცე, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

არსებობს სტრასბურგის სასამართლოს და, ასევე, გაერო- პრაქტიკა, უმცირესობების უფლებები, რომელთა დაცვა გარდაუვალი აუცილებლობაა. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ეს უფლებები და თავისუფლებები დაიცვას. მეორე არის ის, რომ ბრმად არ გადმოიღო ყველაფერი და წესები ბრმად არ დაამკვიდრო. საქართველო არის სრულიად სხვაგვარი ქვეყანა, მას აქვს ტრადიციები და ამას პატივი უნდა სცე. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული სენსიტიურობა. ამიტომ აუცილებელია კომპეტენტურ ორგანოებს, ეკლესიასა და კონკრეტულ პირებს შორის ურთიერთობების კარგად შენარჩუნება. ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ადამიანებმა უნდა გაუგონ ერთმანეთს. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი და პოლარიზაცია უნდა ავირიდოთ თავიდან. მაგალითად, საჭიროა მრგვალი მაგიდის შექმნა. პარტიებმა, მხარეებმა უნდა ისაუბრონ ერთმანეთთან, რათა კომპრომისი გამონახონ. თუმცა, შეკრების, გამოხატვის თავისუფლება საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს“, – განაცხადა არად ბენკომ.

ამ განცხადებით ავსტრიის ელჩმა​ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიძლება თუ არა, ლგბტ-ადამიანთა გამოხატვის თავისუფლება მორალს ეწინააღმდეგებოდეს და ამ საბაბით მათი ქმედებები აიკრძალოს, ასევე, როგორ განმარტავს ის საპატრიარქოს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ თუ გამოხატვის თავისუფლება მორალს ეწინააღმდეგება, ის შეიძლება შეიზღუდოს.

მისი თქმით, ავსტრიისთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს და საქართველომ აღიაროს, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების არსებობა და მათი უფლებები.

ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში. საქართველო არის ძალიან ღია, გახსნილი, მულტიკულტურული ტრადიციების ქვეყანა. მას ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს და გაცნობიერებული გვაქვს, რომ საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო უცხო ბატონობის ქვეშ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს რელიგიის, ეკლესიის როლს. სწორედ ამიტომ, მეტად მნიშვნელოვანია ასეთ ძალიან მგრძნობიარე საკითხებზე რეაგირება. ავსტრიაც ტრადიციული ქვეყანაა, კათოლიკური ქვეყანაა და გასულ შაბათს ჩვენც გვქონდა ჩვენს მოედანზე გამოსვლა. პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს და საქართველომ აღიაროს, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების არსებობა და მათი უფლებები; ნებისმიერი სხვა უმცირესობასომხები, აზერბაიჯანელები, პოლიტიკური, ეროვნული თუ სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები“, – განაცხადა არად ბენკომ.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს ძალიან რთული თემაა და ამას ასე მარტივად ყველა ვერ გაიგებს, მაგრამ ავსტრია ენდობა საქართველოს პოლიტიკას, რომელიც, მათი აზრით, გზას გამოძებნის, რათა გამოსავალი ორივე მხარისათვის იყოს მისაღები.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, გრძნობს თუ არა ის თავს ლევან ვასაძის გამონათქვამის ადრესატად, რომელმაც განაცხადა, რომ ტუტუც ელჩს, ვისაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა, რომელიც ქუჩაში გამოდის და ჭკუას გვასწავლის, შევუკრავთ ხელებს და მივაბრძანებთ უკან, თავის საელჩოში“, – ელჩმა აღნიშნა, რომ ასეთ გამონათქვამებზე რეაგირებას არ ახდენს.

ბუნებრივია, ასეთ გამონათქვამებზე რეაგირებას არ ვახდენთ. მგონი, ის ბიზნესმენია, ხომ?!“, – უპასუხა არად ბენკომ.