პოლიტიკა
რუსეთი მსო-ში საქართველოს გვერდის ავლით

lavrov44როგორც რუსეთისა და სხვა ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „საქართველოს მოთხოვნებს – მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრებაზე თანხმობის სანაცვლოდ, ფსოუსა და როკის გამშვებ პუნქტებზე ქართული საბაჟო სამსახურები განთავსდნენ, არაფერი აქვს საერთო მსო-თან დაკავშირებულ საკითხებთან“.

„თუ ჩვენი ქართველი კოლეგები კვლავ მტკიცედ იდგებიან ამგვარ პოლიტიზებულ პოზიციაზე, ალბათ სხვაგვარად მოგვიწევს მსო-ში გაწევრების საკითხის მოგვარება – მათი [საქართველოს] მონაწილეობის გარეშე. ასეთი შესაძლებლობა არსებობს“, – იტყობინება სააგენტო „ინტერფაქსი“ ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ეს განცხადება რუსეთის მე-3 არხთან ინტერვიუში გააკეთა.

როგორც საქინფორმი თავის დროზე იუწყებოდა, რუსულმა და ქართულმა დელეგაციებმა შვეიცარიის შუამავლობით მსო-თან დაკავშირებით ბერნში შეხვედრა 10 მარტს გამართეს. მომდევნო შეხვედრა კი აპრილშია დაგეგმილი.

ლავროვის განცხადების საპასუხოდ, ოფიციალური თბილისი რუსეთის მსო-ში საქართველოს გვერდის ავლით გაწევრების თეორიული შანსის არსებობაზე საუბრობს და იმედი აქვს, რომ მსო ასეთ პრეცედენტს არ დაუშვებს.

როგორც ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, „მსო-ს წესდება მის შემადგენლობაში ამა თუ იმ ქვეყნის სრული კონსენსუსით გაწევრებას ითვალისწინებს, თუმცა, ამავე წესდებით, არსებობს შესაძლებლობა, იგი ორგანიზაციაში ერთი რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგობის პირობებშიც იქნეს მიღებული... ამ ნორმის არსებობის მიუხედავად, დღემდე მსო-ში ასეთ პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია და ვეჭვობთ, მომავალში ორგანიზაციამ ეს პრეცედენტი დაუშვას“.

ამასთან, მისივე თქმით, „ქართული მხარე მზადაა, აღიშნულ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში კონსტრუქციული იყოს და პოლიტიკური საკითხები სავაჭროდ არ აქციოს“.

„ქართული მხარე ისეთს არაფერს ითხოვს, რაც, უპირველესად, თავად მსო-ს მოთხოვნებს არ შეესაბამება. რუსეთთან დაწყებული მოლაპარაკებები ხანგრძლივი პროცესია და იმედი გვაქვს, რომ პოზიციების დაახლოება მოხერხდება“, – დასძინა კალანდაძემ.