ანგარიშის თანახმად, პრაქტიკამ ცხადყო, რომ საჯარო დაწესებულებების მხრიდან ინფორმაციის მოწოდების ვადებიც ხშირ შემთხვევაში ირღვევა. გაგზავნილ განცხადებებზე დადგენილი ვადის დაცვით ინსტიტუტმა მხოლოდ 119 პასუხი მიიღო, 159 პასუხი – ვადის დარღვევით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის მოწოდების ათდღიანი ვადა მხოლოდ ოთხმა უწყებამ დაიცვა.
„პრაქტიკაში, ასევე, ნათლად გამოიკვეთა, რომ, ზოგადად, საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გამარტივებულია მხოლოდ მაშინ, თუ გამოთხოვნილი ინფორმაცია არ ეხება საბიუჯეტო ფინანსების ხარჯვას. მაგალითისთვის, როდესაც ვითხოვდით კულტურული ღონისძიებებისა და განხორციელებული პროგრამების ან სახელმწიფო შესყიდვების ჩამონათვალს (მათი ღირებულების გარეშე), ან ვებგვერდების მომხმარებელთა რაოდენობას, ამ შინაარსის ინფორმაცია უფრო მაღალი მაჩვენებლით და ვადების დაცვით მოგვეწოდა. ადმინისტრაციული ორგანოების თანამდებობის პირთა ანაზღაურების, სამივლინებო ხარჯებისა და საპრემიო თანხების შესახებ გაგზავნილ განცხადებებზე მიღებული პასუხების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. საკმაოდ ბევრია სრულიად რეაგირების გარეშე დარჩენილი პასუხები“, – აღნიშნულია ანგარიშში.
5-თვიანი მუშაობის შეჯამების შედეგად ყველაზე გაუმჭვირვალე და დახურული ადმინისტრაციული ორგანოები აღმოჩნდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო.