პოლიტიკა
პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ საქართველოს არ მოაკლდება აშშ-ის მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების გზაზე! - მაიკ პომპეო

 საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ძალისხმევა მიძლიერებს რწმენას და პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლის იუბილეზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საიუბილეო დეკლარაციაში, რომელიც გამოიცა, განსაზღვრულია ორმხრივი ურთიერთობის სამომავლო მიმართულებები.

იმედი მაქვს, რომ ის კვლავ მჭიდრო მეგობრული სულისკვეთებით წარიმართება და საერთო ვალდებულებებს დაეფუძნება. საქართველომ ლიდერის როლი იკისრა ნატოს ასპირანტი მოკავშირის რანგში და ალბათ ეს იმ მიზეზთაგანია, რის გამოც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. პრეზიდენტმა ტრამპმა ყველა ერს მოუწოდა, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ იმისათვის, რომ გლობალური გამოწვევები იქნეს დაძლეული. საქართველო ამ მოწოდებას პირნათლად ასრულებს ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში. ახლა, როცა თქვენ წინაშე ვსაუბრობთ, 32-მა მამაცმა ქართველმა მეომარმა იცის, რომ ყველაფერი დათმეს იმისათვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძოლონ მშვიდობისთვის. ჯამში 870 ქართველ ჯარისკაცს აქვს წვლილი შეტანილი ნატოს სამშვიდობო მისიაში. ავღანეთის გარდა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ძალებმა ნატოს ჯარებთან ინტეგრაცია უნაკლოდ მოახდინონ. ამ მიმართულებით დამატებითი წინსვლა ჩვენს სტრატეგიულ მიზნებსაც განამტკიცებს, რადგან ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონული ინიციატივის ფორმატშიც“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.

მაიკ პომპეოს განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.