აქტუალური
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

 საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ გაბალაში მიმდინარე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობაზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ლევან იზორიამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტიური დინამიკაა.

ლევან იზორიამ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში გამგზავრებამდე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ჰეიდარ ალიევის პარკში მისი მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.