საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ნატოში მიმავალ გზას საქართველო წარმატებით დაასრულებს, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟენევაში, სააგენტო „ასოშიეთედ პრესთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ზურაბიშვილის თქმით, დასავლეთში საქართველოს მოკავშირეებმა მეტი უნდა გააკეთონ, რათა წინ აღუდგნენ იმ ზეწოლას, რომელსაც რუსეთი საქართველოზე ახორციელებს იმის გამო, რომ საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის გზას ადგას.
„მე არ მაქვს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ჩემი აზრით, ცხადია, რომ ნატოში მიმავალ გზას საქართველო წარმატებით დაასრულებს და ევროკავშირში მიმავალ გზასაც, განსხვავებულად, მაგრამ პარალელურ რეჟიმში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას სჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.
„ჩემი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა ხვდება, რომ პერსპექტივა ჩრდილოეთით არ არის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა დასავლეთს, უფრო მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე.
„მათ მეტი უნდა ისაუბრონ ამ თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებების დროს. საქართველოს საკითხი რუსეთთან ყველა შეხვედრის დღის წესრიგში უნდა იყოს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი „ასოშიეთედ პრესთან“ ინტერვიუში.