საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული კ.წ. ძარცვის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გორში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა კ.წ-მ ისარგებლა შექმნილი გარემოებით, ჩაჯდა სამართალდამცველის სამსახურებრივ მანქანაში და დიდი სისწრაფით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გავიდა. მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა.
კ.წ-მ ავტომობილი შემთხვევის ადგილზე მიატოვა, თვითონ კი მიიმალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა მის ადგილსამყოფელს მალევე მიაკვლიეს და დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღების მიზნით ადგილზე მივიდა შიდა ქართლის ადგილობრივი მედიასაშუალების qartli.ge-ს რედაქტორი საბა წიწიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და შემთხვევის ადგილის დატოვება მოსთხოვეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.