აქტუალური
უცხოური ინვესტიციები მცირდება

investitionZ11 მარტს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, 16 პროცენტით შემცირდა და 553.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2010 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 38 პროცენტით შემცირდა და 120 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2010 წელს ინვესტიციების ძირითადი ნაკადი საქართველოში შემოდიოდა ნიდერლანდებიდან (143.2 მილიონი დოლარი), აშშ-დან (108.4 მილიონი დოლარი), რუსეთიდან (51.3 მილიონი დოლარი).

მომდევნო რიგშია ქვეყნები: აზერბაიჯანი (46.6 მილიონი დოლარი), არაბეთის გაერთიანებული საამიროები (39.9 მილიონი დოლარი) და თურქეთი (37.5 მილიონი დოლარი).

2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი – 193.9 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 35 პროცენტი) – ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორმა მიიზიდა. შემდეგ მოდის მრეწველობის სფერო – 90.8 მილიონი აშშ დოლარი (16 პროცენტი); ფინანსური სექტორი – 89.5 მილიონი აშშ დოლარი (16 პროცენტი); უძრავი ქონება – 84.4 მილიონი აშშ დოლარი (15 პროცენტი); ენერგოსექტორი – 20.9 მილიონი აშშ დოლარი (3.8 პროცენტი) და სოფლის მეურნეობა – 10.6 მილიონი აშშ დოლარი (1.9 პროცენტი).