პუბლიკაციები
„კრემლის აგენტმა“ სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოზე უარი უთხრა და რუსეთთან მეგობრობა ურჩია - საქინფორმი

 საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ყველას, ვინც ერთხელ მაინც გაბედა, წარმოეთქვა სიტყვა „ნეიტრალიტეტი“, საქართველოში ოდითგანვე „კრემლის აგენტის“ დაღს ასვამდნენ! რომ აღარაფერი ვთქვათ იმ „კამიკაძეებზე“, ვინც კრინტი დაძრა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობაზე. ხოლო იმ „უგუნურთა“ სიცოცხლე, ვინც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან სოლიდური ანალიტიკური ბაზით ასაბუთებდა საქართველოსათვის ამ ინტეგრაციულ პროექტებს, სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის პერიოდში გახვრეტილ გროშადაც არ ფასობდა!

და უეცრად - მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა! როგორც საქინფორმი გუშინ იუწყებოდა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სერბულ გამოცემა „პოლიტიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ავსტრიის, ფინეთის და შვედეთის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ნეიტრალიტეტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს“.

ეს, უდავოდ, მესიჯი იყო საქართველოსთვის, რომელსაც ნატოს გენერალურმა მდივანმა საბოლოოდ უარი უთხრა ალიანსში მიღებაზე, იმიტომ რომ იმავე ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მზად არის, 30-ე წევრად ჩრდილოეთ მაკედონია მიიღოს, საქართველო კი, როგორ ცნობილია, რიგში ჩრდილოეთ მაკედონიაზე წინ იყო.

საქინფორმი არ აპირებს მსჯელობას საკითხებზე - „მიეყიდა თუ არა სტოლტენბერგი კრემლს“, ან რატომ არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება სტოლტენბერგის ზემოთ მოტანილი განცხადების კომენტარს. ალბათ, იმიტომ, რომ საქართველოს ამბიციური მმართველებისთვის ავსტრია, ფინეთი და შვედეთი - „ის დონე არ გახლავთ“, საქართველო ხომ, მათი აზრით, თავისი „№1 სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის“ დონეა, და არავითარ შემთხვევაში ნაკლები!

მაგრამ მთავრობები მოდიან და მიდიან, საქართველო და ქართველი ხალხი კი რჩება - მაშ, როგორია ჩვენი არჩევანი ამის შემდეგ? საქართველოს ერთი კი არა, ორი არჩევანი აქვს:

1. უარი თქვას ნატოში გაწევრიანების კურსზე და გახდეს ნეიტრალური ქვეყანა, როგორც მეზობელი აზერბაიჯანი, აგრეთვე ავსტრია, ფინეთი და შვედეთი. პლუსები: გაქრება ერთადერთი დაბრკოლება რუსეთთან დიალოგის დაწყებისთვის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხების გადაწყვეტისთვის, რუსეთთან სავიზო რეჟიმის მოხსნისთვის და სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარ თანხებად შეიარაღების შესყიდვისთვის, როგორც ამას ნატოს სტანდარტები მოითხოვს კანდიდატი ქვეყნისაგან.

მინუსები: არ არის.

2. უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე და შევიდეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, რიგორც მეზობელი სომხეთი და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნები, მაგალითად, ყაზახეთი - საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარტნიორი.

პლუსები: ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, რუსი ტურისტები და რუსული ინვესტიციები საქართველოში - საქართველოს ბიუჯეტის მთავარი წყაროა, ასეთ შემთხვევაში საქართველოს შეუძლია ისარგებლოს შიდა საბაჟო, სატრანსპორტო და სხვა საგადასახადო ტარიფებით, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრმა ქვეყანამ. ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი თუ გახდება, აღარ შეიძინოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარ თანხებად შეიარაღება, როგორც ამას ნატოს სტანდარტები მოითხოვს კანდიდატი ქვეყნისაგან.

მინუსები: არ არის.

საქინფორმის რედაქცია