სამართალი
სასამართლომ ბავშვებთან ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა.

ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისავრცელებს.

მათივე ცნობით, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა შსს-ს გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები.

ორგანიზაციას, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისსამართლებრივი დახმარების მიზნით მომართა დედამ, რომლის გადმოცემითაც, ბავშვების მამამ იგი შვილებთან უარყოფით კონტექსტში მოიხსენია, რის გამოც ისინი იყვნენ დათრგუნულები და შეშინებულები. დედამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შეატყობინა სოციალურ სააგენტოს ფსიქოლოგთან დასაკავშირებლად. ბავშვები სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხეს, რა დროსაც, მათ დაადასტურეს მამის ნათქვამი.

მომხდარის შემდეგ მამამ კიდევ წაიყვანა ბავშვები და უთხრა, რომ თუ სამართალდამცავ ორგანოებთან სიმართლეს იტყოდნენ, დედა და მამა ერთად ვეღარ იქნებოდნენ და საქმე კიდევ უფრო გართულდებოდა. დედის თქმით, ბავშვები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ნერვიულობდნენ, რაც გამოიხატებოდა უძილობაში, მუდმივად დაძაბულ და გაღიზიანებულ მდგომარეობასა და შიშში. აღნიშნულის საფუძველზე, დედამ მოითხოვა მამის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა გამოსცა კიდეც შემაკავებელი ორდერები. მამის მხრიდან საქალაქო სასამართლოში შემაკავებელი ორდერების გასაჩივრების შემდეგ კი პირველმა ინსტანციამ გააუქმა გამომძიებლის მიერ გამოცემული ორდერები“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც გაიზიარა ორგანიზაციის იურისტების პოზიცია, მიიჩნია, რომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და ძალაში დატოვა შსს-ს გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები.

მამას 30 დღით ბავშვებთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია აეკრძალა.